სააკაშვილი რუსეთთან ”გაფუჭებულ” ურთიერთობაზე საუბრობს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობებში დღესდღეობით ძალიან მძიმე სიტუაციაა, რომელიც მეტი გაუარესებისკენ აღარ შეიძლება შეიცვალოს.
“უნდა გვესმოდეს, რომ ვინც იძახის, რომ ’აი ჯაშუშები არ უნდა დაიჭიროთ, იმიტომ რომ არ გავაღიზიანოთ’ [რუსეთი]; ვინც იძახის, რომ ’ჩვენს ღირსებაზე არ უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ღიზიანდებიან’, კარგად დავაკვირდეთ რაც ხდება გარშემო: აბსოლუტურად ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას მათთან [რუსეთთან] აქვს პრობლემები. და ჩვენ რომ გვაქვს ყველაზე მეტი პრობლემები ეს გასაკვირი არ არის, რადგან ქართველები არიან ყველაზე დამოუკიდებელი ხალხი ყოფილ [საბჭოთა] რესპუბლიკებს შორის, და მეორე ჩვენ გვაქვს ყველაზე ლამაზი ქვეყანა. და უნდათ რა, ამ სილამაზეს დაეუფლონ, ეს ჩვეულებრივი რაღაცაა. ეს მათი ინსტინქტია, უნდათ გავიდნენ ზღვაზე და უნდათ დაეუფლონ სილამაზეს. ეს [რუსეთთან ცუდი ურთიერთობები] იმიტომ კი არ არის რომ სააკაშვილი ზედმეტად არ მოუვიდათ თვალში, ან რომელიმე ფიზიკური პარამეტრი არ მოეწონათ ან ჩვენი პოლიტიკა; ეს არის მათი საკითხი: თქვეს რომ ’ეს უნდა იყოს ჩვენი’“,“– განაცხადა მან 11 ნოემბერს.
"როცა იძახიან რომ არ გავაღიზიანოთ [რუსეთი] – იმაზე მეტი რაღა უნდა გავაღიზიანოთ, იმაზე მეტად რაღა უნდა გაფუჭდეს ურთიერთობები, როცა აგერ ვზივართ, დღისით, მზისით, ამ ულამაზეს სკოლაში ოკუპაციის ხაზთან და ვუყურებთ ჩვენ ოკუპირებულ მიწებს ჩვენი სკოლის ფანჯრებიდან,“– აღნიშნა მან აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს სოფელ შამგონას სკოლაში სტუმრობისას.
"ამაზე მეტი რა უნდა იყოს ცუდი ურთიერთობა როცა შემოსულია და დაპყრობილი აქვს შენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი… მერე კიდევ ლექციებს წაგვიკითხავენ რომ იქნებ პროვოკაციაზე არ გამოიწვიოთ – ყველაფერი რისი დაშავებაც მათ შეეძლოთ ჩვენ უკვე დაგვიშავეს. ამის შემდეგ, იმედია, შეიძლება მხოლოდ გაუმჯობესდეს ურთიერთობები; მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე სიტუაციაა დღეს“.
შამგონის სკოლაში პედაგოგებთან გასაუბრებისას, სააკაშვილმა უთხრა მათ: ”ამას ნუ დაუძახებთ საზღვარს. ეს არის ოკუპაციის ხაზი; მაგათ უნდათ რომ ეს იყოს საზღვარი… ეს [საზღვარი] არის დაბადებული კაგებეს ნამაიორალის სხვანაირად მოწყობილ გონებაში“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)