ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ

რეზოლუციაში, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ 16 ნოემბერს საქართველოს შესახებ მიიღო, საკონსტიტუციო რეფორმაზეც არის საუბარი, სადაც ასამბლეა მიესალმება ამ რეფორმას, მაგრამ სინანულს გამოხატავს, რომ არ მოხდა ვენეციის კომისიის საკონსულტაციო მექანიზმის სრულად გამოყენება.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ასამბლეა ”მიესალმება საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს, მაგრამ წუხილს გამოთქვამს, რომ სრულად არ მოხდა ევროპის საბჭოსთან არსებული ვენეციის კომისიის საკონსულტაციო მექანიზმის გამოყენება.”

ვენეციის კომისიამ მთლიანობაში დადებითად შეაფასა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა ძირითადი ნაწილი 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა ძალაში, თუმცა კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ ”სასურველი იქნებოდა თუ კიდევ უფრო გაიზრდებოდა პარლამენტის ძალაუფლება.”

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სარეკომენდაციო ხასიათის რეზოლუცია, რომელშიც ყურადღება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებზეა გამახვილებული, აქებს საქართველოს ხელისუფლების ”ძალისხმევას, რომელიც შემდგომი დემოკრატიული რეფორმებისკენ, კერძოდ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისკენ, ასევე ოპოზიციის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვისკენ არის მიმართული.”

რეზოლუცია ასევე მიესალმება 2010 წლის მაისში ”კონკურენტული და დემოკრატიული” ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას, "მიუხედავად დარჩენილი მნიშვნელოვანი ხარვეზებისა" და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ”განაგრძოს კანონის უზენაესობისკენ და დემოკრატიული რეფორმებისკენ მიმართული ძალისხმევა, განსაკუთრებით ოპოზიციის შემდგომი ჩართულობის კუთხით.”

საქართველოს მასშტაბით მაუწყებელმა ტელევიზიებმა, რომლებმაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას თავიანთ მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში დიდი დრო დაუთმეს, ოფიციალური პირების მსგავსად, აქცენტი რეზოლუციის იმ ნაწილზე გააკეთეს, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ”ოკუპირებულ ტერიტორიებად” არიან მოხსენიებულნი. რეზოლუციის სხვა ნაწილები კი, დიდ წილად, ყურადღების მიღმა დატოვეს. "რუსთავი 2"-მა, რომელმაც რეზოლუციის გაშუქებას 20 წუთი დაუთმო, მხოლოდ მოკლედ ახსენა რეზოლუციის სხვა ნაწილები და განაცხადა, რომ ასამბლეამ საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმა ”დადებითად შეაფასა”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)