სააკაშვილი ბრიუსელში ბაროზოს შეხვდა

  • "სავაჭრო მოლაპარაკებებისთვის დროის განსაზღვრა საქართველოს ხელშია“;
  • "ევროკავშირი არ აღიარებს ოკუპაციას“;
  • მოუწოდებს საქართველოს ევროპის ენერგო თანამეგობრობის წევრობაზე გააკეთოს განაცხადი;
  • სააკაშვილი: "საქართველოსთვის ევროპას ალტერნატივა არ გააჩნია“.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ განაცხადა, რომ მართალია საქართველომ "მნიშვნელოვანი პროგრესს“ მიაღწია საკანონმდებლო და მარეგულირებელი ღონისძიებების კუთხით, ქვეყანას მათ განსახორციელებლად "მეტი ძალისხმევა“ სჭირდება, რათა ევროკავშირთან თავისუფალი, ღრმა და ყოვლისმომცველ ვაჭრობის ხელშეკრულებაზე დაიწყოს მოლაპარაკებები. 

ბრიუსელში 17 ნოემბერს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ბაროზომ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დაწყების თარიღი "ჩვენი ქართველი კოლეგების ხელშია“.

"მათი მოწადინების იმედი მაქვს, რომ ეს სწრაფად მოხდეს,“ – განაცხადა მან პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ბაროზოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ხელშეწყობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ "ერთ დღეს ჩვენ მივაღწევთ უვიზო მიმოსვლას, და რაც უფრო მნიშვნელოვანია – თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას“.

”იმედი მაქვს საშინაო დავალებას შევასრულებთ და [მოლაპარაკებები] თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ გაიხსნება უკვე მომდევნო რამდენიმე თვეში, თუ [მანამდე] მოლაპარაკებები წარმატებულად წარიმართება,“ – დასძინა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა, რომელიც საჯაროდ ხშირად იმეორებს, რომ საქართველოს სურვილია "ევროპული, დემოკრატიული სინგაპური“ გახდეს, ასევე განაცხადა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე: "საქართველოს არჩევანი ევროპაა; საქართველოსთვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს, გარდა იმისა, რომ იყოს ევროპაში და იმედია, ევროპა დააფასებს ამას და შეხედავს საქართველოს არა მხოლოდ როგორც მეზობელს, არამედ საბოლოო ჯამში, როგორც ამ დიდი კავშირის განუყოფელ ნაწილს“.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ამ მიზნამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა და რომ საქართველო "ნაბიჯ–ნაბიჯ“ მიიწევს მისკენ.

ბაროზო მიესალმა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ "ბოლო წლების მანძილზე მიღწეული წარმატებებას პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარების კუთხით“.

"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას განაგრძოს ძალისხმევა, რათა გაზარდოს პოლიტიკური პლურალიზმი და გააძლიეროს პოლიტიკური ინსტიტუტები,“ – დასძინა მან. 

ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკომისია განაგრძობს აგვისტოს ომის შემდგომი დახმარების პაკეტის განხორციელებას, რომლის საერთო ოდენობაც 483.5 მილიონ ევროს შეადგენს და რომლის 97%, როგორც ბაროზომ აღნიშნა, უკვე გამოყოფილია.

ევროკავშირი ”არ ცნობს ოკუპაციას“

ბაროზომ კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ ევროკავშირის პოზიცია "სავსებით ნათელია“, რომ ის არ "აღიარებს საქართველოს არცერთი ტერიტორიის ოკუპაციას“.

"ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მგრძნობიარე საკითხია. ჩვენ ყოველთვის ვიცავდით პრინციპულ პოზიციას. როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, ჩვენ ვიცავთ პრინციპულ საკითხს, საქართველოს მთლიანობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ნათლად გამოვხატეთ, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს არცერთი ტერიტორიის ოკუპაციას [ოკუპაციის შედეგებს], ეს სავსებით ნათელია და ჩვენ დავიცავთ ამ პოზიციას,“ – განაცხადა ბაროზომ.

ბაროზოს მიერ ტერმინის „ოკუპაცია“ ხსენება ქართული ნაციონალური ტელევიზიების მთავარი თემა გახდა 18 ნოემბრის დილის და დღის საინფორმაციო გამოშვებებში.

ამ თემაზე სიუჟეტებში სამივე ძირითადმა ქართულმა ტელეკომპანიამ  – საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა, "რუსთავი 2"–მა და "იმედმა" – ზუსტად მსგავსი ფრაზები გამოიყენეს, მაგალითად: "ფაქტის მნიშვნელობას ადასტურებს ისიც, რომ სიტყვა "ოკუპაცია“ არასოდეს უხსენებია საფრანგეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს კუშნერს; ჩანს, რომ ევროკავშირმა მისი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ საქართველოში არსებულ მდგომარეობას კიდევ ერთხელ გადახედა“.

ანალოგიური წინადადება იყო ჩაწერილი საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, თუმცა მოგვიანებით განცხადებიდან ეს წინადადება ამოიღეს.

”საქართველოს მნიშვნელოვანი ენერგოსატრანზიტო როლი”

ბაროზომ ასევე განაცხადა, რომ ენერგორესურსების წყაროების დივერსიფიცირება, კერძოდ კი სამხრეთ დერეფნის განვითარების გზით, "ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია“.

"ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო როლს. მოვუწოდებ საქართველოს ოფიციალურად მიმართოს ევროპის ენერგო თანამეგობრობის ორგანიზაციას გახდეს მისი წევრი,“ – განაცხადა ბაროზომ.

მას მხედველობაში ჰქონდა ორგანიზაცია, რომელიც ენერგოსექტორში ევროკავშირისა და მის სამეზობლოში ახლო თანამშრომლობის უზრუნველყოფის მიზნით 2005 წელს შეიქმნა.

საქართველოსადმი ევროკომისიის პრეზიდენტის ეს მოწოდება – მიმართოს ევროპის ენერგო თანამეგობრობის ორგანიზაციას გახდეს მისი წევრი – ქართულმა ტელევიზიებმა გააშუქეს როგორც მოწოდება საქართველოსადმი გააკეთოს ევროკავშირის წევრობისთვის ოფიციალური განაცხადი; ასეთივე ინტერპრეტაციით მოხდა ამ მოწოდების გავრცელება ზოგიერთ ქართულ საინფორმაციო სააგენტოშიც.

ბაროზომ განაცხადა, რომ ენერგო თანამეგობრობის ორგანიზაციაში გაწევრიანება, რომელიც ენერგოსექტორში სტაბილური მარეგულირებელი და ერთიანი საბაზრო ჩარჩოს ჩამოყალიბების მიზნით შეიქმნა, დაეხმარება საქართველოს მიიზიდოს მეტი ინვესტიციები ენერგო სექტორში.

საქართველო, მსგავსად ნორვეგიის, თურქეთის და უკრაინისა, ამ ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)