სააკაშვილმა ასტანაში ორმხრივი შეხვედრები გამართა
ასტანაში, ეუთოს სამიტის ფარგლებში პრეზიდენტმა სააკაშვილმა 1 დეკემბერს პირისპირ შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და ყირგიზეთის პრეზიდენტთან როზა ოტუნბაევასთან, ასევე შეხვდა აშშ–ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს და შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალურ კანცლერს, ვიცე–პრეზიდენტს მიშელინ კალმი–რეის.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ასევე შეხვდა ეუთოს სამიტის მასპინძელი ქვეყნის, ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს, თუმცა მოგვიანებით, ეს ცნობა პრეს–რელიზიდან ამოღებულ იქნა. ყაზახეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ ორმხრივი შეხვედრების ჩამონათვალში ქართველ კოლეგასთან ნაზარბაევის შეხვედრა არ ფიგურირებდა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება, რომ შეხვედრების ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს და ეუთოს სამიტის ფარგლებში მისაღები დეკლარაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)