გიგა ბოკერია WikiLeaks–ის ქმედებას “უპასუხისმგებლოს” უწოდებს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ WikiLeaks–ის მიერ აშშ–ს კონფიდენციალური დიპლომატიური მიმოწერის გამოქვეყნება გააკრიტიკა და ამგვარ ქმედებას "უპასუხისმგებლო“ და "არაეთიკური“ უწოდა.

ბოკერიამ, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომელმაც ახალი თანამდებობა ნოემბერში დაიკავა, განუცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემას "აქცენტები“ 5 დეკემბერს, რომ გამოქვეყნებული დოკუმენტების "შიგთავსთან“ დაკავშირებით იგი კომენტარს არ გააკეთებს.

როდესაც მას თავად ინფორმაციის გაჟონვის ფაქტზე ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ ეს არა მარტო "უპასუხისმგებლო“, არამედ "შესაძლოა კრიმინალური მოქმედებაცაა“.

"ამ შემთხვევაში, თუკი არსებობს რაიმე სტანდარტები, რომლითაც შეიძლება ნებისმიერი ადამიანი ხელმძღვანელობდეს, თუნდაც მხილებით ხელისუფლების, იქნა დარღვეული ყველა თვალსაზრისით,“ – განაცხადა ბოკერიამ. 

WikiLeaks–ის დამფუძნებლის ჟულიენ ასანჟზის შესახებ კი მან თქვა: „ძალიან ცინიკურია წამებულის და დევნილის მანტიის მორგება, როდესაც "ებრძვი“ ყველაზე დიდ დემოკრატიას ასეთი აკრძალული ილეთებით და ყურადღების მიღმა გრჩება ის რეჟიმები, სადაც მართლა საშინელებები ხდება და მართლა გამბედაობა და დიდი ძალისხმევა არის საჭირო და სადაც მართლა დანაშაულებები უნდა ამხილო“.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)