სააკაშვილმა კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე აფხაზეთზეც ისაუბრა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მექსიკაში კლიმატის ცვლილებებზე გაეროს ეგიდით მიმდინარე კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ "საქართველოს ამჟამად ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, ოკუპანტი ძალისა და მარიონეტული რეჟიმის დამანგრეველი ქმედების გამო, შავი ზღვის სანაპირო აბრაზიას განიცდის“.

"მათ მიერ გუმისთის მდინარიდან ინერტული მასალების მოპოვებამ  მშენებლობის პროექტისათვის, რომელიც სოჭის ოლიმპიურ თამაშებს უკავშირდება, მეწყერები და მიკროკლიმატის გადაგვარება გამოიწვია,“ – განაცხადა მან.

"მათ მიერ ნავთობის უკანონო მოძიება შავ ზღვაში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ხდება სრულ სიბნელეში, ყოველგვარი იმ ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე, რომელიც გარემოზე გავლენის შემოწმების საშუალებას იძლევა,“ – განაგრძო სააკაშვილმა, "ეს უაღრესად შემაშფოთებელი ფაქტია. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ მიმდინარე ოკუპაციისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის გამო, ჩვენ არ შეგვიძლია შევაჩეროთ ეს ყოვლად აღმაშფოთებელი ქმედებები“.

მან ასევე განაცხადა კონფერენციაზე, რომ გლობალური დათბობა "მთელი კაცობრიობის პრობლემაა“.

"ჩვენი ყოვლისმომცველი მიზანი საქართველოში არის იმის ჩვენება, რომ წიაღისეული საწვავის მოხმარების შემცირება შეიძლება დაგვეხმაროს ზრდაში – და ამის განხორციელება იყოს მდგრადი,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)