მოსკოვის თქმით, აფეთქებების საქმე თბილისის მიერ “დადგმული მორიგი შოუა”

მოსკოვმა საქართველოში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებულ საქმეს "თბილისის ხელისუფლების მიერ დადგმული მორიგი შოუ“ უწოდა, რომელიც განსაკუთრებული "პროვოკაციულობით“ გამოირჩევა.

“თბილისის ხელისუფლების მიერ დადგმულ მორიგ შოუს საღად მოაზროვნე ადამიანებში შეეძლო ღიმილი გამოეწვია, რომ არ მოსულიყო ცნობა [ლეიბორისტული პარტიის თბილისის ოფისთან] აფეთქებისას ქალბატონის გარდაცვალების თაობაზე. ეს უფრო მიუთითებს ქართული სპეცსამსახურების არაპროფესიონალურ მუშაობაზე,“– განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 დეკემბერს თავის ოფიციალურ კომენტარში.

“მსოფლიოში უკვე შეეჩვივნენ საქართველოს დედაქალაქიდან საინფორმაციო ნაკადებს სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით "რუსი ოკუპანტების მცდელობებზე“. ეს ისტორიები სულ უფრო ნაკლებად სარწმუნო ხდება“.

“თუმცა სააკაშვილის რეჟიმის უკანასკნელ გამოგონებას განსაკუთრებული პროვოკაციული შეფერილობა აქვს. მასში შეინიშნება ჩვენს წამყვან საერთაშორისო პარტნიორებთან უთანხმოების დათესვის მცდელობა,“– აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მოსკოვს, სავარაუდოდ, მხედველობაში აქვს თბილისში აშშ–ის საელჩოს სიახლოვეს მომხდარი აფეთქება, რომლის უკანაც, საქართველოს შსს–ს მტკიცებით, შემოდგომაზე მომხდარი კიდევ ოთხი სხვა აფეთქების მსგავსად აფხაზეთში მყოფი რუსი ოფიცერი დგას. ამასთან, თბილისი თავს არიდებს  რუსეთის ხელისუფლების პირდაპირ დადანაშაულებას აფეთქებების მოწყობაში და მოსკოვს გამოძიებაში თანამშრომლობას სთავაზობს.    

რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის წინ, რომელიც 16 დეკემბერს არის დაგეგმილი, ამ ოპერაციით "საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს კიდევ ერთხელ მიიქციოს ყურადღება, როგორც "ყველაზე დემოკრატიული და წარმატებული ქვეყნის“ ლიდერზე პოსტ–საბჭოთა სივრცეში, რომელსაც გარკვეული "ბოროტი ძალები“ ცდილობენ ხელი შეუშალონ შემდგომ განვითარებაში. კომენტარი, როგორც იტყვიან, ზედმეტია“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)