მაკკეინი საქართველოსთვის იარაღის მიყიდვისკენ კვლავაც მოუწოდებს

რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ობამას ადმინისტრაციას ”განაახლოს საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიყიდვა”. მისი თქმით, ვაშინგტონმა თბილისს ადრეული შეტყობინების სარადარო სისტემა მაინც უნდა მიაწოდოს.

”ძირითადად რუსეთისთვის ანგარიშის გაწევის გამო, ორი წელია რაც საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვა არ არის სანქცირებული. ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. საქართველო სულ ცოტა ადრეული შეტყობინების სარადარო სისტემით და სხვა ძირითადი საშუალებებით მაინც უნდა მოვამარაგოთ რათა მისი თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს,” – განაცხადა მან 10 დეკემბერს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში გამოსვლისას.

სენატორმა მაკკეინმა მსგავსი ქმედებისკენ 2010 წლის აგვისტოში Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაშიც მოუწოდა.
 
მაკკეინმა, რომელმაც თავის გამოსვლაში ”რუსეთთან დაკავშირებით მეტი რეალიზმისკენ” მოუწოდა, განაცხადა, რომ "რუსეთს უნდა მოვეპყრათ როგორც ზომიერი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოს – როგორიც ის ამჟამად არის და არა როგორც ზესახელმწიფოს, როგორიც ის ერთ დროს იყო“.

”ეს იმას ნიშნავს, ნაწილობრივ, რომ უფრო მტკიცედ უნდა დავდგეთ ჩვენი ინტერესების და ღირებულებების დასაცავად,” – განაგრძო მან, ”დასაწყისისთვის, ჩვენ უნდა აღვადგინოთ თავდაცვითი იარაღის მიყიდვა საქართველოსთვის”.

მისი თქმით, ცენტრალურ  და აღმოსავლეთ ევროპაში აშშ–ის მოკავშირეები საქართველოს უყურებენ, როგორც ტესტს, რამდენად ბოლომდე იდგება ვაშინგტონი მის გვერდით. ”საქართველო ასევე ტესტია რუსეთისთვისაც – რამდენად გაუვა მას საქართველოსთან – და თუ გაუვა, მაშინ იგივეს სხვაგანაც იზავს,” განაცხადა მაკკეინმა.

სენატორ მაკკეინის განცხადება, როგორც ჩანს, იმ დისკუსიის ნაწილია, რომელიც სავარაუდოდ, ვაშინგტონში საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის თემაზე კვლავაც მიმდინარეობს. აშშ–ის საელჩოების ორ საიდუმლო დოკუმენტში, რომელიც დეკემბრის დასაწყისში WikiLeaks-მა გამოაქვეყნა, სწორედ ამ საკითხებზე იყო მსჯელობა.

2009 წლის ნოემბერში თბილისში აშშ-ს საელჩოდან გაგზავნილ კიდევ ერთი ტელეგრამის მიხედვით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებულ პრობლემას ”ჩუმი ემბარგო” უწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)