ბრიუსელში ევროკავშირი–აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი გაიმართა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები და მათი კოლეგები ექვსი აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოდან, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის წევრები არიან, 13 დეკემბერს ბრიუსელში შეიკრიბნენ და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე წარმოადგენდა მინისტერიალზე საქართველოს, რომელიც სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრია. აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირმა 2008 წელს ჩამოაყალიბა აღმოსავლელ მეზობლებთან ურთიერთობების გაღრმავების მიზნით.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა "ხაზი გაუსვეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობას, როგორც საშუალებას, რომ გაღრმავდეს და გაძლიერდეს ურთიერთობები ევროკავშირსა და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის,“ – ნათქვამია საბოლოო დასკვნაში, რომელიც შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა. 

შეხვედრას საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი თავმჯდომარეობდა. 

"მინისტრებმა ხაზი გაუსვეს შემდგომი პროგრესის მიღწევის საჭიროებას, კერძოდ, ასოცირებულ შეთანხმებებზე მოლაპარაკებებში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კუთხით,“ – ნათქვამია დასკვნაში. 

ამავე დასკვნის თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ის სფეროები განიხილეს, სადაც "მეტის გაკეთებაა შესაძლებელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში,“. ეს მიმართულებებია: დარგობრივი თანამშრომლობის გაუმჯობესება; ევროკავშირის პროგრამებში პარტნიორების მონაწილეობის ხელშეწყობა; კონფლიქტების პრევენციის და მოგვარების კუთხით თანამშრომლობის გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოების როლის კონსოლიდაცია.

როდესაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ალექსანდრე სტუბს შეხვედრამდე საქართველოს შესახებ ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ "საქართველოსთან აღმოსავლეთ პარტნიორობაში კარგი პროგრესია მიღწეული“.

"ამდენად, მიმაჩნია, რომ საქართველოსთან და ევროკავშირთან დაკავშირებით საქმეები სწორი მიმართულებით მიდის,“ – განაცხადა მან.

შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა: “ჩემ კოლეგებთან ერთად… მიღწეულ პროგრესს განვიხილავთ, დავილაპარაკებთ იმაზე რა გზით უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა იმ კონტექსტში, რომ საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია ორმხრივ ურთიერთობაში ევროპის კავშირთან და ჩვენი სურვილი არის, რომ მრავალმხრივ რეგიონალურ თანამშრომლობაშიც ასეთი პროგრესი იყოს“.

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ბუდაპეშტში 2011 წლის მაისში გაიმართება.

აშშ–ს საელჩოს ერთ–ერთი საიდუმლო გზავნილის თანახმად, რომელიც WikiLeaks-მა გამოაქვეყნა, ევროკავშირის დიპლომატმა აშშ–ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ფილიპ გორდონს უთხრა, რომ რუსეთი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობას "ნულოვან–ჯამური პერსპექტივით“ უდგება და ამ ინიციატივას ანტი–რუსულად აღიქვამს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)