გადასახადების რეფერენდუმით ზრდაზე საკონსტიტუციო ცვლილება დამტკიცებულია

პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების ახალი სახის შემოღებასა ან ზღვრული განაკვეთის გაზრდას რეფერენდუმის გზით ითვალისწინებს იმ დათქმით, რომ ორგანული კანონი დაადგენს ამ წესიდან გამონაკლის შემთხვევებს.

ამგვარ შეზღუდვებზე ჩანაწერი თავდაპირველ პროექტში არ არსებობდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის განმარტებით, ამ დებულების ასახვა იმ მოტივით გადაწყდა, რომ კრიზისების შემთხვევაში მთავრობა შეზღუდული არ იყოს და მან კონკრეტული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე თავისუფლად იმოქმედოს.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განაცხადა, რომ კრიტერიუმების ჩამონათვალი, თუ რა ვითარებაში მოხდება გამონაკლისის დაშვება, აისახება ორგანულ კანონპროექტში ”ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ღირსების შესახებ“, რომელიც უკვე შესულია პარლამენტში განსახილველად და რომლის მიღებაც, მისი თქმით, გაზაფხულისთვის იგეგმება.

სწორედ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ერთი წლის განმავლობაში იხილებოდა პარლამენტში,  ავალდებულებს ორგანული კანონის მიღებას, რომელიც ხანგრძლივვადიანი ეკონომიკურის ზრდის უზრუნველსაყოფად მაკროეკონომიკური ზღვრებს დაადგენს.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, აქციზის გადასახადი იქნება გამონაკლისი, რომლის გაზრდასაც რეფერენდუმის დანიშვნა არ დასჭირდება. რეფერენდუმის დანიშვნის ინიციატივის უფლება ექნება მხოლოდ საქართველოს მთავრობას.

ამასთან, რეფერენდუმის დანიშვნა არ იქნება საჭირო ადგილობრივ გადასახადებზე; ასევე იმ გადასახადის შემოღებისას, რომელიც არსებულის ალტერნატივაა ან ანაცვლებს მას და ამავე დროს არ ზრდის საგადასახადო ტვირთს. კონსტიტუციური კანონის თანახმად, რეფერენდუმი არ დაინიშნება ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ გადასახადი არსებული ზღვრული განაკვეთის ფარგლებში შეიცვლება.

კონსტიტუციაში შეტანილი აღნიშნული ეს ცვლილებები ძალაში 2013 წლის ოქტომბერში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან შევა მსგავსად იმ ახალი საკონსტიტუციო მოდელისა, რომელიც პარლამენტმა ოქტომბერში დაამტკიცა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)