ბურჯანაძე, ნოღაიდელი მოსკოვს სტუმრობენ
დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვს სტუმრობენ, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გახსნას დაესწრებიან.
მემორიალი, რომელიც ანალოგია საქართველოს ხელისუფლების ბრძანებით აფეთქებული ქუთაისის "დიდების მემორიალის“, რუსეთის ხელისუფლების შეკვეთით შეიქმნა შარშანდელი აფეთქების საპასუხოდ. 2009 წლის 19 დეკემბერს მემორიალის აფეთქების დროს, რომლის ადგილზეც ახალი პარლამენტის შენობა უნდა აიგოს, ერთი ქალბატონი და მისი ქალიშვილი დაიღუპნენ.
რუსული მედიის ცნობით, თავდპირველად მემორიალის გახსნა კვირას იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ 20 დეკემბრისთვის გადაიდო.
ბურჯანაძე და ნოღაიდელი 2010 წლის მაისშიც სტუმრობდნენ მოსკოვს და მემორიალისთვის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაშიც მიიღეს მონაწილეობა, რომელსაც ასევე ესწრებოდა რუსეთის პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი.
თბილისიდან გამგზავრებამდე ბურჯანაძემ განუცხადა ტელეკომპანია "მაესტროს“, რომ "ერთ–ერთი უმნიშვნელოვანი პრიორიტეტია ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსისთვის, რომ მომავალში რუსეთთან ურთიერთობები დალაგდეს და მოხერხდეს საქართველოს რეალური ინტერესების დაცვა“.
"ხელისუფლება საქართველოს უქმნის არანაკლებ საფრთხეს თავისი სრულიად არაადექვატური და უპასუხისმგებლო მოქმედებებით,“ – განაცხადა მან, "მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მშვიდობიანი კავკასია და მხოლოდ უგუნურმა შეიძლეbა მუდმივად იმოქმედოს ისე, რომ ერთის მხრივ ლაპარაკობდეს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, ხოლო მეორეს მხრივ, ყველაფერს აკეთებდეს იმისათვის, რომ ყველაზე მტკივნეული თემის ირგვლივ რუსეთის გაღიზიანებას ცდილობდეს“.
ნოღაიდელის პარტიის მიერ გავრცელებულ მოკლე პრეს–რელიზში წერია, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ეს უკვე მისი მეთერთმეტე ვიზიტი იქნება მოსკოვში და ის "რამდენიმე დღე“ გაგრძელდება. ნოღაიდელის პარტიას თანამშრომლობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული რუსეთის მმართველ პარტიასთან "ედინაია როსია“–სთან.
უცნობია აპირებს თუ არა ორი ოპოზიციური პოლიტიკოსი მოსკოვში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)