PACE–ს მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტები მოსკოვსა და თბილისში
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე დიკ მარტი 20–21 დეკემბერს მოსკოვსა და თბილისს ეწვევა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებთან დაკავშირებული მოსმენების წინ.
შვეიცარიელი დეპუტატი დიკ მარტი 20 დეკემბერს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს და PACE–ში რუსეთის დელეგაციის წევრებს შეხვედება. მეორე დღეს იგი თბილისში გამართავს შეხვედრებს, მათ შორის რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ეკა ტყეშელაშვილთან და PACE–ში საქართველოს დელეგაციის წევრებთან.
2008 წლის ოქტომბრის შემდეგ ასამბლეა დროდადრო განიხილავს საკითხს, რომელიც PACE–ში "საქართველოს და რუსეთს შორის ომის შედეგების“ სახელწოდებითაა ცნობილი. PACE–მ 2008 წლის ოქტომბერში მიიღო რეზოლუცია ომის შედეგებზე, სადაც სხვა საკითხებთან ერთად მოუწოდა რუსეთს უარი თქვას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე.
მას შემდეგ PACE–ს მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს და რუსეთის მიერ რეზოლუციის პირობების შესრულებას ადევნებს თვალს. იმავე საკითხზე მოგვიანებით PACE–მ კიდევ ორი რეზოლუცია მიიღო – ერთი 2009 წლის იანვარში, ხოლო მეორე 2009 წლის სექტემბერში.
PACE–ს მონიტორინგის კომიტეტი ომის შედეგების განხილვას 2011 წლის იანვრის შუა რიცხვებში გეგმავს.
ივნისში თბილისმა მკაცრად გააკრიტიკა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის „ზოგიერთი ჯგუფის“ მცდელობა მიღებული ყოფილიყო რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომზე რეზოლუციებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ახალი მოდელი. ქართული მხარის თქმით, აღნიშნული მოდელი ითვალისწინებდა ერთიანი მონიტორინგის ფორმატის დაყოფას და მიბმას, შესაბამისად, საქართველოსა და რუსეთის ცალ–ცალკე არსებულ სხვა ვალდებულებებთან ევროპის საბჭოს წინაშე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)