უშიშროების საბჭოს მდივანი ქრისტიან–დემოკრატების ლიდერს შეხვდა

უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია 24 დეკემბერს საპარლამენტო უმცირესობისა და ქრისტიან–დემოკრატების ლიდერს გიორგი თარგამაძეს შეხვდა და მის უწყებასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა დეპუტატი ქრისტიან–დემოკრატებიდან ნიკა ლალიაშვილი.

“მნიშვნელოვანია ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტებთან კონტაქტი, აზრთა გაცვლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე,“– განუცხადა ბოკერიამ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ და დასძინა, რომ საუბარი იყო "მომავალ კონტაქტებზე უშიშროების საბჭოსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის“.

მისი თქმით, განხილვის მთავარი თემები იყო ასევე ჟენევის დისკუსიები და საქართველოს პოზიცია რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

საქართველო აცხადებს, რომ მისი პოზიცია უცვლელი რჩება და ის არ ეწინააღმდეგება რუსეთის გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, თუმცა იმ პირობით, რომ მოსკოვი "გამჭირვალეს“ გახდის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტებს სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

გიორგი თარგამაძის განცხადებით ეს პოზიცია უნდა იყოს "მაქსიმალურად გამოკვეთილი“ და "ყოველგვარ ბუნდოვანებას მოკლებული“.

“ჩვენ ქვეყანას აქვს ერთი მთავარი ინტერესი, რომელიც არ უნდა იქნას დათმობილი არცერთი სხვა შემოთავაზების ხარჯზე და ეს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობის პრინციპს და სასაზღვრო და საბაჟო გამშვები პუნქტების გამჭირვალობისა და კონტროლის მექანიზმების არსებობას, რომელიც… შეიძლება ჩამოყალიბდეს როგორც ქართული წარმომადგენლობის, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო  და მაკონტროლებელი ინსტიტუტების მონაწილეობის მეშვეობითაც,“– განუცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.

დეკემბრის დასაწყისში უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშვნის შემდეგ ეს გიგა ბოკერიას უკვე მეორე შეხვედრაა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. მან პირველი ასეთი შეხვედრა ჩვენი საქართველოს–თავისუფალი დემოკრატების ლიდერთან ირაკლი ალასანიასთან გამართა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)