საქართველოს მშპ 2010 წლის მესამე კვარტალში 6.7%–ით გაიზარდა

"საქსტატის“ მიერ 24 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 2010 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით, 6.7% შეადგინა, ხოლო პირველი ცხრა თვის მანძილზე – 6.5%.

მშპ–ს მაჩვენებელმა მესამე კვარტალში მიმდინარე ფასებში 5.39 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17.5 პროცენტით მეტია.
 
2010 წლის მესამე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა – 18%; შემდეგ მოდის ვაჭრობა – 16%; სახელმწიფო მმართველობა – 12%; ტრანსპორტი და კომუნიკაცია – 12%; სოფლის მეურნეობა – 8% და მშენებლობა – 7%.

ორნიშნა ზრდა აღინიშნა შემდეგ დარგებში: გადამამუშავებელი მრეწველობა – 18.3%; სასტუმროები და რესტორნები – 15.7%; სატრანსპორტო მომსახურება – 13.9%; ფინანსური სექტორი – 12.2% და ვაჭრობა – 11.7%.

"საქსტატის" ინფორმაციით, 2010 წლის მესამე კვარტალში სოფლის მეურნეობაში 1.8%–იანი კლება დაფიქსირდა.

2009 წელს საქართველოს ეკონომიკაში 3.8%–იანი კლება იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)