სააკაშვილი ქართულ–სომხურ ურთიერთობებზე საუბრობს
პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთს შორის საუკუნეების განმავლობაში არსებული "მეგობრული“ ურთიერთობები, რომელშიც ასევე თავისი წვლილი შეაქვს სომხურ ეკლესიას, მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.
სააკაშვილი დღეს თბილისში სომხურ ეკლესიას ესტუმრა და მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა.
"მართლაც ძალიან ვაფასებ თქვენი ეპისკოპოსის ვაზგენის საქმიანობას ჩვენი თანამოქალაქეების სულიერი მხარდაჭერის საქმეში, ისევე როგორც ორი უძველესი ქრისტიანული ერის – სომხეთის და საქართველოს ურთიერთობის განვითარების საქმეში,“– განაცხადა მან.
“იშვიათად რომელიმე ერებს მსოფლიოს ისტორიაში აკავშირებთ ერთმანეთის გვერდით ათასწლეულების განმავლობაში თანაარსებობა, ახლობლობა, მეგობრობა, ძმობა, ერთმანეთის გატანა, ერთმანეთის მხარდაჭერა და ერთად გადარჩენა ურთულეს გარემოებებში და ურთულეს ისტორიულ და გეოპოლიტიკურ სიტუაციებში,“– განაგრძო მან, "ამგვარად, ეს ურთიერთობები ამ ქვეყნებს შორის ეს არის არა მხოლოდ წარსულზე დაფუძნებული, არამედ იმაზე, რაც ჩვენ გვაქვს აწმყოში და რაც აუცილებლად იქნება მომავალში“.
სააკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა "ქართველი სომხების“ როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარების საქმეში.
“ქართველი სომხები არიან განუყოფელი ნაწილი საქართველოს ეროვნული სხეულის, საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების. ჩვენ არასდროს არ დაგვავიწყდება, არ უნდა დავივიწყოთ ის წვლილი, რომელიც სომხებმა შეიტანეს საქართველოს არა მხოლოდ უბრალოდ ეკონომიკურ, კულტურულ, სულიერ, ადამიანურ განვითარებაში, არამედ ისიც, რომ უამრავი მათგანი საუკუნეების განმავლობაში და მათ შორის უახლოეს ბოლო წლებში იბრძოდა იარაღით ხელში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ერთიანობისთვის, თავისუფლებისთვის და თავისი სისხლით შეიტანეს წვლილი იმაში, რომ საქართველო არსებობს, გადარჩა და ვითარდება,“– აღნიშნა პრეზიდენტმა.
This post is also available in: Русский (რუსული)