სააკაშვილი: მესტიაში 500–600 მილიონი ლარი დაიხარჯება
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 8 იანვარს, რომ სვანეთში ასობით მილიონი ლარი იდება, რათა ეს მაღალმთიანი რეგიონი საქართველოს მთავარი ტურისტული ზონა გახდეს.
"მარტო გზებში რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს ვდებთ, საბოლოოდ კი, 500-600 მილიონი ლარი დაიხარჯება მესტიაში,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ ინვესტიციას "რამდენიმე მილიარდიანი შემოსავალი“ მოყვება.
2010 წელს მთავრობამ მიზნად დაისახა სვანეთის მსოფლიო კლასის სამთო–სათხილამურო კურორტად გადაქცევა, რასაც მოყვა მესტიის აეროპორტის რეკონსტრუქცია და რეგულარული ფრენების დაწყება; ასევე სვანური კოშკების განათება, სათხილამურო ტრასების გაყვანა და ახალი საბაგირო გზის გაკეთება.
მესტიაში სეზონის გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტზე დასწრების შემდეგ სააკაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მესტიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები "სასწაულია“. "ის, რასაც დღეს ხედავთ, ზღვაში წვეთია,“ – განაცხადა მან.
"შვეიცარიაში სათხილამურო ტრასებისა და მთების თვალსაზრისით, აქაურობას, შესაძლოა, ერთი-ორი ადგილი შეედრებოდეს, მაგრამ სხვაგან მთელი ევროპის მასშტაბით მსგავსს ვერსად შეხვდებით,“ – განაცხადა მან.
დეკემბერში, მესტიაში მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას სააკაშვილმა მოუწოდა ბიზნეს სექტორს "თვალები გაახილოს“ და ინვესტიციები განახორციელოს სვანეთში სასტუმროების მშენებლობაში, რომელიც, მისი თქმით, ოთხ წელიწადში სულ ცოტა 500 000 ტურისტს უმასპინძლებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)