სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ ომთან დაკავშირებული 1 549 სარჩელი დახურა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 10 იანვარს გამოაცხადა, რომ დეკემბერში გადაწყვიტა საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომის შემდეგ შეტანილ 1 549 სარჩელი დახუროს მას შემდეგ, რაც ვერ მიიღო საქმეზე მოთხოვნილი ინფორმაცია.

ეს 1 549 საქმე იმ 3 300–ზე მეტი სარჩელის ნაწილია, რომელიც ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებმა საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომის შემდეგ შეიტანეს. მათ შორის ასევე არის რამოდენიმე რუსი სამხედრო მოსამსახურის მიერ შეტანილი სარჩელიც, რომლებიც ომამდე და ომის განმავლობაში ცხინვალში რუსეთის სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში მსახურობდნენ.

ყველა ეს შეწყვეტილი საქმე ევროპის სასამართლოს მოსარჩელეთა სახელით სამმა ვლადიკავკაზელმა ადვოკატმა წარუდგინა.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ 10 იანვარს გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ვინაიდან ვერ მიიღო ვერანაირი პასუხი მოთხოვნილ ინფორმაციაზე, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გაეერთიანებინა ეს 1 549 ინდივიდუალური საქმე და ის სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამოეღო.

ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ 2010 წლის მარტში ხუთ სარჩელთან დაკავშირებით. ასევე აგვისტოს ომთან დაკავშირებული ეს ხუთი სარჩელიც იმავე სამმა ვლადიკავკაზელმა ადვოკატმა წარადგინა. ერთ–ერთმა მათგანმა, ვლადიმერ ბაიკულოვმა, განუცხადა რადიო "თავისუფლების“ რუსულენოვან სამსახურს "ეხო კავკაზას“ 2010 წლის აპრილში, რომ მან ვერ გასცა პასუხი ევროპის სასამართლოდან მოთხოვნილ ინფორმაციას, ვინაიდან ის ინგლისურად ვერ საუბრობდა და არც სტრასბურგის სასამართლოსთან ურთიერთობის გამოცდილება ჰქონდა.

ევროპის სასამართლომ განაცხადა, რომ აპრილში მან შეკითხვა გაუგზავნა ადვოკატებს გააგრძელებდნენ თუ არა მათ მიერ წამოწყებულ საქმეებს, თუმცა შეკითხვაზე პასუხი ვერ მიიღო. ანალოგიური შეკითხვა ხელახლა გაიგზავნა ივნისშიც.

"თუმცა მოსარჩელეთა წარმომადგენლებისგან რაიმე პასუხი ზემოთ ხსენებულ წერილებზე არ მიგვიღია,“ – განაცხადა სასამართლომ, "სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ ხსენებულ გარემოებებში შეიძლება ჩაითვალოს, რომ მოსარჩელეებს თავიანთი სარჩელის წარმოების სურვილი აღარ გააჩნიათ“. 

საქართველოს წინააღმდეგ სარჩელებში, მოსარჩელეები აცხადებენ, რომ მათი ან მათი ნათესავების მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამოდენიმე მუხლი, რომლებიც ეხება სიცოცხლის უფლების ხელყოფას, არაჰუმანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, ქონების დაზიანებას ან განადგურებას, ქვეყნის შიგნით სამართლებრივი დაცვის საშუალების არარსებობას და დისკრიმინაციას.

This post is also available in: Русский (რუსული)