სააკაშვილი ვაშინგტონში რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება
პრეზიდენტი სააკაშვილი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება და ასევე დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა აშშ–ის "პოლიტიკური სპექტრის ლიდერებთან".
ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 11 იანვარს განაცხადა, ვიზიტის დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთისა და პაკისტანის საკითხებში რიჩარდ ჰოლბრუკი დეკემბერში გარდაიცვალა. იგი სიკვდილის შემდეგ, პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდა. სააკაშვილისვე ინიციატივით, თბილისის საკრებულომ დეკემბერში დედაქალაქის ერთ–ერთ ქუჩას რიჩარდ ჰოლბრუკის სახელი მიანიჭა.
"მე დავკარგე სანდო მეგობარი,“– განაცხადა სააკაშვილმა მაშინ, "ქართველი ხალხისათვის ელჩი ჰოლბრუკი იყო გაცილებით მეტი, ვიდრე სანდო მეკავშირე ვაშინგტონში – ის იყო კაცი, რომელიც ზრუნავდა ჩვენს ახალგაზრდა დემოკრატიაზე და რომელსაც კარგად ესმოდა საქართველოს, როგორც ამერიკის მეკავშირის, უდიდესი პოტენციალი“.
This post is also available in: Русский (რუსული)