პარლამენტში ბიზნესსაბჭო შეიქმნება

დეპუტატებისა და ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით პარლამენტში ახალი ორგანო – ბიზნესსაბჭო შეიქმნება, რომელიც ბიზნესის სფეროში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაწყვეტისთვის სამართლებრივი რეგულაციების დროულად შემუშავებაზე იმუშავებს მთავრობასთან ერთად.

აღნიშნული ინიციატივის შესახებ ცნობილი გახდა დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შორის საკანონმდებლო ორგანოში გამართული შეხვედრის დროს, რომელსაც ასევე ესწრებოდა ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი. 

“პარლამენტსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს იმაში, როგორი იქნება საგადასახადო  და ბიზნესგარემო. ამიტომ ჩვენ გვსურს პერიოდულად შედგეს ასეთი შეხვედრები, მოვისმინოთ თქვენგან რა რეკომენდაციები, რა შენიშვნები, რა რჩევები გაქვთ, თქვენ ჩვენგან მოისმინოთ  რა ხდება ქვეყანაში, როგორია ჩვენი შეფასება და რა გეგმები გვაქვს,“– განუცხადა ბაქრაძემ ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს.

შეხვედრისას ასევე გამოითქვა მოსაზრებები 1 იანვრიდან ამოქმედებული ახალი საგადასახადო კოდექსის შესახებ.

ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, გიორგი ჭირაქაძის განცხადებით ახალი საგადასახადო კოდექსი, მის წინამორბედთან შედარებით უდავოდ ბევრ პროგრესულ დებულებას და ინსტრუმენტს შეიცავს, რაც ბიზნეს საქმიანობას უადვილებს, თუმცა პარალელურად რჩება გარკვეული ხარვეზებიც, რომელთა აღმოფხვრაზე და გამოსწორებაზე მუშაობაც ფინანსთა სამინისტროსთან და პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში მომავალშიც გაგრძელდება. 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დეკემბერში  ახალი ეკონომიკური კურსის გამოცხადებისას აღიარა, რომ სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობებში "ძალიან ბევრი ხარვეზი“ არსებობს, რასაც გამოსწორება სჭირდება.

This post is also available in: Русский (რუსული)