თბილისი აფხაზეთში ქონებრივი დავების კუთხით ქართველების “დისკრიმინაციას” გმობს
საკუთრების უფლებების აღდგენაზე მომუშავე აფხაზურ–რუსული კომისიის გადაწყვეტილება არ განიხილოს რუსეთის ქართველი მოქალაქეების განაცხადები "დისკრიმინაციულია“ და "ეთნიკური წმენდის გაგრძელებაა“, აცხადებს ოფიციალური თბილისი.
სოხუმმა განაცხადა, რომ კომისია გამონაკლისის სახით არ განიხილავს რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველების ქონებრივ პრეტენზიებსა და მათი საკუთრების უფლების დაცვის საკითხებს, ვიდრე საქართველო 1992–93 წლების ომის პერიოდში აფხაზეთისთვის "13 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით“ მიყენებული ზარალის კომპენსაციას არ გადაიხდის.
"მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველო სრულად აანაზღაურებს აფხაზეთისთვის მიყენებულ ზარალს, რუსეთის ქართველი ეროვნების მოქალაქეებს, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობდნენ, მიეცემათ საცხოვრებლის კომპენსაცია 1992 წლის ფასებში. ამასთან გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საუბარია არა ქართველი ეროვნების მოქალაქეებისათვის ბინების დაბრუნებაზე, არამედ ფულადი ექვივალენტით კომპენსაციაზე,“– განუცხადა ჟურნალისტებს კომისიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ადლეიბამ 30 დეკემბერს გამართული კომისიის სხდომის შემდეგ.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა 13 იანვარს განაცხადა, რომ ეს 90–იანი წლებიდან დაწყებული ეთნიკური წმენდის პოლიტიკის პირდაპირი გაგრძელებაა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ამგვარ მიდგომას "ფაშისტური“ უწოდა.
"ეს კომისია არ არის, ეს არის ორი დანაშაულებრივი კლანისგან შემდგარი ბანდა, რომელიც ნადავლს იყოფს. ამას აქვს ერთი შეფასება: ეს არის ფაშიზმი, ეთნოფაშიზმი,"– განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს, "ის, რომ რუსეთი არცერთ თავის თავზე აღებული ვალდებულებების შესრულებას არ აპირებს, მათ შორის, მაგალითად, ადამიანის უფლებების ქარტიას, ეს ყველამ დიდი ხანია ვიცოდით. რა ვირტუალური რეალობაც არ უნდა შექმნან, რა კრიმინალური დაჯგუფება არ უნდა შექმნან, რაც არ უნდა დაარქვან ამ კრიმინალურ დაჯგუფებას, აფხაზეთის და ცხინვალის დეოკუპაცია არის გარდაუვალი".
13 იანვარს გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტრო რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველების ქონებრივი უფლებების დარღვევას და "ეთნიკური ნიშნით დევნას“ გმობს იმ ფონზე, როცა "საერთაშორისო თანამეგობრობა ერთსულოვნად უჭერს მხარს…იძულებით გადაადგილებულ პირთა უპირობო და ღირსეულ დაბრუნებას და მათი ქონების ხელშეუხებლობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაზეც მეტყველებს გაეროს ფარგლებში მიღებული არაერთი რეზოლუცია თუ გადაწყვეტილება“.
სამინისტროს თქმით, რუსეთი "საკუთარი მოქალაქეების მიმართ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციულ მიდგომას ახორციელებს“.
“ე.წ. "კომისიის" საქმიანობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორი კრიმინალურ-ფაშისტური ბანდის მიერ ნაძარცვი ქონების გაყოფის კვალიფიკაცია უნდა მიეცეს,“– ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული კომისია აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის გადაწყვეტილებით სექტემბერში შეიქმნა, თუმცა ამას წინ უძღოდა დებატები და წინააღმდეგობა იმ მოტივით, რომ ეს მექანიზმი გზას გაუხსნიდა იმ ათასობით ქართველის დაბრუნებას, რომლებმაც აფხაზეთი 90–იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დატოვეს და ამჟამად რუსული პასპორტებით რუსეთში ცხოვრობენ.
კომისიაში სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ასევე შედიან რუსეთის გეპროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები. თუმცა სოხუმი ირწმუნება, რომ მათი მონაწილეობა მხოლოდ საკონსულტაციო–სათათბირო ხასიათს ატარებს და რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი საკითხების გადაწყვეტა აფხაზეთის შიდა საქმეა.
დეკემბრის მდგომარეობით, კომისიაში შესული 200–ზე მეტი განაცხადიდან, 118 საქმე იქნა განხილული, საიდანაც მხოლოდ ექვსი დაკმაყოფილდა, ხოლო რვას საქმის სასამართლოში გაგრძელების რეკომენდაცია მიეცა, აფხაზეთის ლიდერის ვებ–გვერდის ინფორმაციის თანახმად, რომელშიც არ არის მითითებული, თუ უარყოფილი განაცხადებიდან რამდენი ეკუთვნოდა ეთნიკურად ქართველ რუსეთის მოქალაქეებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)