ეუთოს თავმჯდომარე კონფლიქტების მოგვარების ერთობლივი ვალდებულებისკენ მოუწოდებს

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აჟუბალისი 2011 წლის 13 იანვარს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე. ფოტო: ეუთო

ეუთოს ახალმა მოქმედმა თავმჯდომარემ, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აუდრონიუს აჟუბალისმა 56–წევრიან ორგანიზაციას გაჭიანურებული კონფლიქტების მოსაგვარებლად ერთობლივი ვალდებულების აღებისკენ მოუწოდა.

ვენაში 13 იანვარს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას აჟუბალისმა ეუთოს ახალი თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტებზე საუბრისას განაცხადა: "ეუთოს სივრცეში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი და მოლაპარაკებების გზით მოგვარება ჩვენი მთავარი ერთობლივი ვალდებულება უნდა იყოს“.

მისი თქმით, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, ლიტვა, ჟენევის პროცესს გამოიყენებს "ნდობის აღსადგენად და იმუშავებს, რათა აღადგინოს ეუთოს მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა საქართველოში“.

საქართველოში არსებული კონფლიქტებთან დაკავშირებით აჟუბალისმა განაცხადა, რომ "ის კონფლიქტები, რომლებიც ჟენევის დისკუსიებზე განიხილება“ მოუგვარებელი რჩება და ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა "უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რათა გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს და არა თავი აარიდონ მათ“. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 2011 წლის დეკემბრისთვის, როდესაც ვილნიუსში ეუთოს მინისტერიალი ჩატარდება, ორგანიზაციას "რეალური პროგრესი უნდა ჰქონდეს მიღწეული გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში“.   

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)