ევროკავშირი 46 მილიონი ევროს დახმარებას გეგმავს საქართველოსთვის
ევროკომისიამ 13 იანვარს განაცხადა, რომ 2011 წელს საქართველოსთვის 46 მილიონი ევროს ოდენობის მაკრო–ფინანსური დახმარების გამოყოფას გეგმავს, რაც იმ 500 მილიონი ევროს დახმარების ნაწილი იქნება, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ დაპირდა.
დახმარება, საიდანაც 23 მილიონი ევრო გრანტის სახით გამოიყოფა, ხოლო დანარჩენი თანხა სესხი იქნება, ”2009–2010 წლებში იმავე ოდენობის მაკრო–ფინანსური დახმარების წარმატებულ განხორციელებას მოსდევს“ და "2011 წელს საქართველოს საგარეო ფინანსური ვალდებულების დაფარვაში დაეხმარება," – განაცხადა ევროკომისიამ.
ევროკომისიის თქმით, დახმარება დამოკიდებულია საქართველოს მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (სსფ) მიმდინარე პროგრამის შესრულებასა და "იმ მთელ რიგ რეფორმებზე, რომლებიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნდა შეთანხმდეს“.
"მართალია ეკონომიკური გაჯანსაღება ფეხს იკიდებს, მაგრამ საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით ქვეყნის სიტუაცია კვლავ მოწყვლადია, ვინაიდან მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსება გაურკვეველი რჩება. საქართველოს ექსპორტი კვლავ ზარალდება რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგოს გამო, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება, რომელზეც კრიზისმა უარყოფითად იმოქმედა, კვლავ დაბალია,“ – განაცხადა ევროკომისიამ.
როგორც მოსალოდნელია, დახმარება ორი ტრანშის სახით გამოიყოფა – 2011 წლის მეორე და მეოთხე კვარტლებში.
ევროკომისიის წინადადება საქართველოსთვის 46 მილიონიანი დახმარების გამოყოფის შესახებ ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა განიხილონ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)