ობამა სააკაშვილს შეხვდა
ბარაკ ობამა და მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში, კენედის ცენტრში ამერიკელი დიპლომატის რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ საუბრობენ. ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია |
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა 14 იანვარს თავის ქართველ კოლეგას, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და ეკონომიკური, სავაჭრო და კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების საკითხები განიხილა.
თეთრი სახლის ცნობით, შეხვედრა ვაშინგტონში, კენედის ცენტრში ამერიკელი დიპლომატის რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ შედგა, რომელსაც ორივე ლიდერი ესწრებოდა.
პრეზიდენტ ობამას თავის ქართველ კოლეგასთან საუბრისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც შეუერთდა, ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
”ორმა ლიდერმა განიხილეს საქართველოს ძალისხმევა განავითაროს საკუთარი ეკონომიკა და გაზარდოს ვაჭრობა. მათ ასევე განიხილეს კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF) საქმიანობა, სადაც მამაცი ქართველი [სამხედროები] ამერიკულ სამხედრო ძალებთან ერთად მსახურობენ,” – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა ობამამ თავის ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა ვაშინგტონში ჩასვლისთვის, რათა დასწრებოდა რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და ასევე დეკემბერში გარდაცვლილი ამერიკელი დიპლომატის დაჯილდოვებისთვის. სააკაშვილმა ჰოლბრუკი, სიკვდილის შემდეგ, ”მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისა და დემოკრატიის განვითარების, ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის და ქართველი ერის განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის” წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შეხვედრა, რომელიც ”25 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა”, თეთრი სახლის ინიციატივით შედგა.
”ბარაკ ობამამ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერა,” – ნათქვამია განცხადებაში.
”შეხვედრისას, ორი ქვეყნის ლიდერები შემდგომი გაფართოებული ფორმატით შეხვედრის შესახებაც შეთანხმდნენ. ამერიკის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს საქართველოს პირველი პირის მიერ დაყენებულ ყველა კონკრეტულ საკითხზე თანამშრომლობის გაგრძელება და შედეგების მოხსენება დაავალა,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.
ობამა და სააკაშვილის პირველი პირისპირ შეხვედრა ნოემბერში, ლისაბონში გამართული ნატოს სამიტის ფარგლებში შედგა.
ვაშინგტონში ყოფნისას სააკაშვილი 12 იანვარს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ახალ სპიკერს ჯონ ბეინერსაც შეხვდა.
ვაშინგტონში ყოფნისას სააკაშვილი ასევე შეხვდა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში რესპუბლიკელების ლიდერს რიჩარდ ლუგარს და დემოკრატ სენატორს, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს კარლ ლევინს; მან ასევე გამართა შეხვედრები რესპუბლიკელ კონგრესმენებთან დევიდ დრაიერთან და ბილ შუსტერთან; ასევე სენატორ ჯოზეფ ლიბერმანთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)