გილაურმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში შეხვედრები გამართა

აბუ დაბიში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა შეხვედრები გამართა არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრთან, შეიხ მოჰამედ ბინ ალ მაკტუმთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, შეიხ აბდულა ბინ სულთან ალ ნაიანთან.

შეხვედრებზე საუბარი იყო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, დამატებითი ინვესტიციების მოზიდვაზე, პირდაპირ ფრენებზე და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაიოლებაზე, განაცხადა პრემიერ–მინისტრის მრჩეველმა ვახტანგ ლეჟავამ.  

ვიზიტის ფარგლებში, 17 იანვარს გილაურმა ასევე მონაწილეობა მიიღო სუფთა ენერგიის მიღების გზებისადმი მიძღვნილ მეოთხე საერთაშორისო სამიტში "მომავლის ენერგია", რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა გახსნა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მოლაპარაკებები გამართა გაეროს გენერალურ მდივანთან და შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ გაერო განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას.

ენერგეტიკულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გილაურმა ყურადღება საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალზე გაამახვილა.

“დღეს ელექტროენერგიის ექსპორტს ვაკეთებთ ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში: რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. არის უზარმაზარი პოტენციალი, რომ უფრო მეტი ინვესტიციები იქნეს მოზიდული ამ ქვეყნებიდან, არაბული ქვეყნებიდან," – განუცხადა გილაურმა ქართველ ჟურნალისტებს.

არაბეთის გაერთიანებული საამიროები, საიდანაც ინვესტიციები პირველად 2003 წლიდან დაფიქსირდა საქართველოში, უმსხვილესი ინვესტორი 2008–09 წლებში გახდა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, ამ ქვეყნიდან პირდაპირი ინვესტიციების ოდენობამ ჯამში 627.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)