ვაშაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 18 იანვარს ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობისა და რეგიონში უსაფრთხოების საკითხები ორმხრივი ურთიერთობების სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად.
“ეკონომიკურ სფეროში ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომლებიც ან განხორციელების სტადიაში არის ან უახლოეს მომავალში დაიწყება მათი განხორციელდება,“– განაცხადა ვაშაძემ.
13 იანვარს, ბაქოში ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ და ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს გაზის სამხრეთ დერეფანზე ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც აზერბაიჯანული გაზით ევროპის გრძელვადიანად მომარაგებას ითვალისწინებს.
“ბატონმა პრეზიდენტმა დამდო პატივი და მომიყვა იმ შედეგებზე, რითიც ბატონი ბაროზოს ვიზიტი დამთავრდა ბაქოში. ამ კონტექსტში იქნა განხილული მომავალი პროექტები, რომლებიც საქართველოს და აზერბაიჯანის ერთობლივ ეკონომიკურ ძალისხმევას გააერთიანებს,“– განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით სიტუაციის განხილვისას, ვაშაძის თქმით, პრეზიდენტმა ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ „მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოხდეს ამ რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის მიღწევა“.
ბაქოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, 19 იანვარს ვაშაძე თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ელმარ მამედიაროვს და ტრანსპორტის მინისტრს ზია მამედოვს შეხვდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)