თბილისი აპროტესტებს აფხაზეთში რუსი რკინიგზელების შეყვანას
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აპროტესტებს სეპარატისტულ აფხაზეთში რკინიგზის რეაბილიტაციის მიზნით რუსი სპეციალისტების ჩაყვანას და აცხადებს, რომ "რუსეთის მიზანია ინფრასტრუქტურის შექმნა სამხედრო დანიშნულებისათვის“.
“ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო ხასიათის ქმედებების გათვალისწინებით (საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ს-300, საარტილერიო სარაკეტო დივიზიონის "სმერჩის", ოპერატიულ-ტექნიკური სარაკეტო დივიზიონის "ტოჩკა-უ"-ს განლაგება, გამუდმებული სამხედრო წრთვნები და ა.შ.), მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში რუსეთის მიზანია ინფრასტრუქტურის შექმნა სამხედრო დანიშნულებისათვის, კერძოდ საქართველოს ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მძიმე სამხედრო ტექნიკისა და დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის გადაზიდვისათვის,“ – ნათქვამია სამინისტროს მიერ 26 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ფსოუ-ოჩამჩირის მონაკვეთზე რკინიგზის რეაბილიტაციის პროცესში დაგეგმილია რუსეთის რკინიგზის სამი ბრიგადის – 800 სპეციალისტის – გამოყენება
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მკაცრ პროტესტს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების მილიტარიზაციასთან დაკავშირებით,“– ნათქვამია განცხადებაში.
აქვე საგარეო უწყება ხაზს უსვამს, რომ "2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას წინ უძღოდა რუსეთის სარკინიგზო ჯარების შეყვანა აფხაზეთში, საქართველოს რკინიგზის სწორედ ამ მონაკვეთის "აღდგენა-შეკეთების" მიზნით“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავისი სარკინიგზო ძალები აფხაზეთში 2008 წლის მაისში განათავსა. ეს ქმედება მაშინ მკაცრად დაგმო თბილისმა და განაცხადა, რომ რუსეთი აფხაზეთში ინფრასტრუქტურას ამზადებდა შესაძლო სამხედრო აგრესიისთვის.
2008 წლის ივლისში რუსეთმა აფხაზეთიდან თავისი სარკინიგზო ძალების გაყვანის შესახებ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მან სოხუმსა და ოჩამჩირეს შორის 54–კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთი, მათ შორის რვა სარკინიგზო ხიდი, შეაკეთა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)