საგადასახადო ომბუდსმენი გიორგი პერტაია გახდება

საგადასახადო ომბუდსმენის ახლადშექმნილ თანამდებობას გიორგი პერტაია დაიკავებს, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა 28 იანვარს.

მან პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა, რომ პერტაიას კანდიდატურა "ყველაზე უკეთესია“, რომელიც ასევე მოიწონეს ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლებმაც.

გიორგი პერტაია მაისიდან პრემიერ–მინისტრის მთავარი მრჩეველი იყო კერძო სექტორის ხელშეწყობის საკითხებში. მან დასავლეთ ილინოისის უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლა დაამთავრა და მაგისტრის ხარისხი მიიღო. რამოდენიმე წლის წინ იგი მუშაობდა ამერიკის სავაჭრო პალატის ვაჭრობისა და ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარედ და მისი მთავარი ფუნქცია ბიზნესის ინტერესების დაცვა იყო.

საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას იანვრიდან ამოქმედებული ახალი საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს. ბიზნესმენების უფლებათა დამცველი, რომელსაც კანონის თანახმად პრემიერ–მინისტრი ნიშნავს,  ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშეც, რადგან ის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წელიწადში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ.

დავით ბაქრაძის შეფასებით, პერტაიას "ყველა აუცილებელი თვისება გააჩნია“, რომ ხელისუფლებას და ბიზნესს "პარტნიორული ურთიერთობების აწყობაში“ დაეხმაროს.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)