UNHCR–ი დევნილთა გამოსახლების შესახებ
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (UNHCR) 3 თებერვალს განაცხადა, რომ მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, იანვარში თბილისში დროებითი თავშესაფრებიდან დევნილი ოჯახების გამოსახლების პროცესში "საერთაშორისო სამართლის ან საერთაშორისო სტანდარტების არსებითი დარღვევა არ მომხდარა“.
UNHCR–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2010 წლის ზაფხულთან შედარებით, როდესაც დევნილთა გამოსახლება ორგანიზაციამ გააკრიტიკა, ამჟამად პროცესის ”საგრძნობი გაუმჯობესება” მოხდა. საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცავი ორგანიზაციების კრიტიკის შემდეგ, ხელისუფლებამ 2010 წლის ზაფხულში დევნილთა გამოსახლების პროცესი შეაჩერა და UNHCR–სთან ერთად მთელი რიგი პროცედურები შეემუშავა, რომლითაც გამოსახლება და დევნილთა განსახლება უნდა მომხდარიყო.
UNHCR–მა განაცხადა, რომ ხარვეზები, ძირითადად, უკავშირდებოდა მონიტორინგის პროცესს, რადგან არ ხდებოდა დამკვირვებელთა თავისუფალი და შეუფერხებელი კავშირი დევნილებთან.
იანვარში თბილისში მდებარე დროებითი თავშესაფრებიდან ასობით დევნილი ოჯახი გამოასახლეს; ბევრი მათგანი აფხაზეთიდან დევნილია; მათ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მთავრობის ნებართვის გარეშე დაიკავეს ეს შენობები. მათ შორის ასევე იყვნენ ოჯახები, რომელთაც აგვისტოს ომის შედეგად მოუწიათ კუთვნილი სახლების დატოვება. ამ კატეგორიის დევნილებს მთავრობა 10 000 აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ კომპენსაციას სთავაზობს იმ შემთხვევაში, თუ ისინი რაიონებში ალტერნატიული საცხოვრებლის მიღებაზე უარს იტყვიან. დევნილები რაიონებში გადასახალებაზე უარს აცხადებენ იქ სამუშაოს არ არსებობის გამო.
UNHCR–მა განაცხადა, რომ ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა გამოსახლება და ერთი ადგილიდან მეორე საცხოვრებელ ადგილას გადაყვანა, "შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი დაბრკოლებები“ იმ პირებისთვის, რომლებსაც შეეხოთ გადაყვანა იმ ადგილებიდან, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში მათ მეორე სახლად იქცა. თუმცა, UNHCR–მა ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო ნორმები არ აძლევს არც ერთ მოქალაქეს, მათ შორის დევნილებს, იმის უფლებას, რომ მიიღონ საცხოვრებელი მათთვის სასურველ რომელიმე კონკრეტულ ადგილას.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თქმით, აფხაზეთიდან დევნილ დაახლოებით 10 000 ოჯახს გადაეცა ბინები საკუთრებაში თბილისში.
2010 წლის ზაფხულში განხორციელებული გამოსახლებებისგან განსხვავებით, UNHCR–მა განაცხადა, რომ იანვარში „არ მომხდარა "არაპროპორციული ძალის გამოყენება“, გარდა ერთი შემთხვევისა და „დევნილები, ძირითადად, ინფორმირებულნი იყვნენ სხვა საცხოვრებელ ადგილას გადაყვანისა და შესაბამისი გამოსახლების შესახებ“.
"არავინ დარჩენილა ქუჩაში. ფინანსური კომპენსაცია გადაეცათ მათ, ვისაც ეკუთვნოდა და ვინც დროულად შეავსო განაცხადი. საცხოვრებელ ადგილებად შეთავაზებული ვარიანტები, რომლებიც მოინახულა UNHCR–მა და მისმა პარტნიორებმა, გამზადებული და დევნილთა განსახლებისთვის შესაფერისია,“ – განაცხადა კომისარიატმა.
„გასაგებია, რომ ეს შემამსუბუქებელი გარემოებები, როგორც არ უნდა ამცირებდეს გასაჭირს, ვერ დააკმაყოფილებს ვერც ერთ დევნილს, რომელსაც თბილისში სურს დარჩენა,“ – განაცხადა UNHCR–მა.
28 იანვარს Amnesty International–მა დევნილთა გამოსახლებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ პროცესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით არ მოხდა. ეს განცხადება საქართველოს ხელისუფლებამ მიკერძოებულად და უსამართლოდ შეაფასა.
3 თებერვალს 15–მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც მხარს უჭერენ Amnesty International–ის დასკვნებს. ამ ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ დევნილებს გამოსახლების ზუსტი თარიღი უნდა შეატყობინოს, ხოლო გამოსახლების პროცესში დაიცვას დევნილთა „პატივი, ღირსება და საკუთრების უფლებები“; განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ დროულად უნდა უზრუნველყოს დევნილები კომპენსაციებით, ხოლო გამოსახლებული დევნილები ადექვატური საცხოვრებლებით იმ ადგილებში, სადაც სამუშაოს შოვნის შესაძლებლობები არსებობს.
UNHCR აღიარებს, რომ "ქართველ იურისტებს შორის კვლავაც არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები გამოსახლების პროცესის სრული შესაბამისობის შესახებ დადგენილ ეროვნულ ნორმებთან და აცნობიერებს, რომ
ადგილი აქვს ნორმების სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას და არსებობს გარკვეული წინააღმდეგობა და შეუთავსებლობა სხვადასხვა შესაბამის ნორმას შორის“.
UNHCR–მა ასევე განაცხადა, რომ გამოსახლების შესახებ ყოველდღიურმა და "ძალზე პოლიტიზირებულმა დებატებმა“ დაჩრდილა პრობლემის უფრო დიდი სურათი, რაც ათი ათასობით დევნილის საცხოვრებელ პირობებსა და მათ ინტეგრაციას უკავშირდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ დევნილები, განსაკუთრებით კი რეგიონებში, უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ და მათთვის ჯერ ვერ გამოინახა პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტა.
"UNHCR–ი შეშფოთებულია მიმდინარე დებატების მაღალი პოლარიზებით. დევნილთა გაჭირვებული მდგომარეობა ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია და არ უნდა მოხდეს მისი ბოროტად გამოყენება სწრაფად პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეებს, მთავრობას, ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციას, ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში და იმოქმედონ ჰუმანიტარული ინტერესებით, რათა მოიძიონ საუკეთესო, მაგრამ ასევე რეალური და ხელმისაწვდომი გადაწყვეტილება დევნილთათვის,“ – განაცხადა ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა.
UNHCR–ის განცხადება ასევე შეიცავს რეკომენდაციებს ხელისუფლების მიმართ, რომელთა შორისაა დევნილთათვის პროფესიული გადამზადების ცენტრების შექმნა და დასაქმების პროექტების დაწყება. UNHCR–ი ასევე ურჩევს მთავრობას გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ჩამოაყალიბოს "მკაფიო ხედვა“, თუ რას უპირებს დარჩენილ კოლექტიურ ცენტრებს. ორგანიზაციის თქმით, მაქსიმალურად უნდა მოხდეს განსახლების თავიდან არიდება, მაგრამ სადაც ეს შეუძლებელია, დევნილებს უნდა ქონდეთ ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილის არჩევის საშუალება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)