გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაცია იგეგმება
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული ფუნქციები ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცემა, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისი თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროს, რომელიც შესაძლოა სახელმწიფო მინისტრის აპარატად ჩამოყალიბდეს, დარჩება მხოლოდ გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური საკითხები იმ გამონაკლისით, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა.
ამასთან ბუნებრივი რესურსების ლიცენზირებასთან და აუქციონის მოწყობასთან დაკავშირებული ფუნქციები, რომელიც ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციაში შედის, ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცემა.
„ენერგეტიკის სამინისტრო გადაკეთდება სხვა პროფილის სამინისტროდ და ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის სამინისტრო იქნება,“– განაცხადა გილაურმა.
მისი თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში განსახილველად უახლოეს დღეებში შევა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციის გეგმის წარმოდგენა მთავრობას პრეზიდენტმა სააკაშვილმა დეკემბერში დაავალა მას შემდეგ, რაც მკაცრად გააკრიტიკა სამინისტროში გამოვლენილი კორუფციული ფაქტები. თუმცა მან იქვე განაცხადა, რომ "მადლობელია" მინისტრ გოგა ხაჩიძის, რომელიც "ბევრ კარგ საქმეს აკეთებს".
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)