საქართველო ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას განაახლებს

საქართველომ ეროვნული უსაფრთხოების ახალ კონცეფციაზე მუშაობა დაიწყო მას შემდეგ, რაც ხუთი თვის წინ საფრთხეების შეფასების დოკუმენტი დაამტკიცა. ახალი კონცეფცია 2005 წელს მიღებულ დოკუმენტს ჩაანაცვლებს.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია 15 თებერვალს მმართველი პარტიისა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ დეპუტატებს შეხვდა და მათთან ერთად ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების გეგმები განიხილა.

“უკვე არსებობს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ იქნა მიღებული. ეს დოკუმენტი დეტალურად განსაზღვრავს ქვეყნის წინაშე მდგომ საფრთხეებს დაწყებული ფიზიკური საფრთხიდან –  ისეთი საფრთხიდან, რომელიც უკავშირდება რუსულ ოკუპაციას – და დასრულებული კიბერ და ეკოლოგიური საფრთხეებით. არის ყოვლისმომცველი ჩამონათვალი ყველა იმ პრობლემის და საფრთხის, რომელიც ქვეყნის წინაშე შეიძლება იდგეს. და სწორედ ეს დოკუმენტი იქნება ამოსავალი და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ამოცანა იქნება სწორედ ამ საფრთხეებზე რეაგირების მექანიზმების შემუშავება და იმ სტრატეგიის შემუშავება, რომელიც დაგვეხმარება ქვეყნის წინაშე მდგომი ყველა პრობლემის და საფრთხის გაუვნებელყოფაში და გადაწყვეტაში,“– განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ უშიშროების საბჭოს მდივანთან შეხვედრის შემდეგ.

2010–2013 წლების საფრთხეების შეფასების დოკუმენტის საჯარო ნაწილის თანახმად, რომელიც სექტემბერში იქნა მიღებული, რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს საქართველოს სუვერენიტეტისათვის, სახელმწიფოებრიობისათვის და ამასთანავე, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური დესტაბილიზაციის კუთხით. მასში ასევე ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის წარუმატებელი მცდელობა მიეღწია საქართველოს პროდასავლური კურსიდან გადახვევის მიზანს, ზრდის რისკებს. დოკუმენტის თანახმად, საფრთხეები რუსეთიდან მოდის.

2005 წელს მიღებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის მიხედვით, საქართველოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესიის შესაძლებლობა მცირეა, თუმცა ტრანსსასაზღვრო თავდასხმები სახელმწიფო და არა-სახელმწიფო აქტორების მხრიდან რეალურია.

"2008 წლის მერე, როდესაც უკვე ღია სახით განახორციელა რუსეთმა აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, აბსოლუტურად ნათელია ის, რომ ცალსახად უნდა აღნიშნული იყოს ასეთ კონცეფციაში ის საფრთხე, რასაც რუსეთი, რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის წარმოადგენს. ამიტომ, ფუნდამენტური ცვლილება, ბუნებრივია, ამ კუთხით იქნება განხორციელებული, ვიდრე რომელიმე სხვა მიმართულებით,“ – განუცხადა ეკა ტყეშელაშვილმა, სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში ჟურნალისტებს 15 თებერვალს.  

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან შეხვედრის შემდეგ ქრისტიან–დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ახალ უსაფრთხოების კონცეფციაში "გამოკვეთილად“ უნდა იყოს  აღნიშნული "ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლი საქართველოს ისტორიაში“.

მან ასევე განაცხადა, რომ  ახალ დოკუმენტში ასევე უნდა დაფიქსირდეს "ტრადიციული კონფესიების როლი ჩვენი კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებაში“.

"ასევე მიგვაჩნია, რომ ერთ–ერთ პრიორიტეტად და გამოწვევად უნდა დაფიქსირდეს უსაფრთხოების კონცეფციაში ჩვენი დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის მდგრადობის პრობლემა და ესეც უნდა იყოს განხილული როგორც გამოწვევა,“ – დასძინა თარგამაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ „გაერთიანებული კომიტეტების ფორმატით შესაძლებლობა ექნება ყველა მსურველს", მათ შორის არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც მონაწილეობა მიიღონ დოკუმენტის განხილვაში. მისი ვარაუდით, საბოლოო სახით დოკუმენტს პარლამენტი გაზაფხულის ბოლოს დაამტკიცებს.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ამ პროცესზე საპარლამენტო ზედამხედველობა ძალიან მნიშვნელოვანია. “ეს პროდუქტი შეიქმნება სხვადასხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალების მონაწილეობით,“ – განაცხადა მან.

რამოდენიმე არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის ახალმა მემარჯვენეებმა, რესპუბლიკელებმა და ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატებმა უკვე გამოხატეს პროცესში ჩართვის მზადყოფნა.

"ჩვენი აზრით, ამ დოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა ჩამოყალიბდეს მკაფიო ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევქმნათ და შევინარჩუნოთ დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ თავისუფალ და სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციას და ქვეყანას დაიცავენ სოციალური და პოლიტიკური კატაკლიზმებისაგან,“ – ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის მიერ 15 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)