”საქართველოს ბანკმა” უკრაინაში შვილობილ ბანკში აქციათა 80% გაყიდა
”საქართველოს ბანკმა” 18 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინაში მისი წამგებიანი შვილობილი ბანკის აქციათა 80% გაყიდა 9.6 მილიონ აშშ დოლარად.
”საქართველოს ბანკის” განცხადებით ის BG Bank–ში 19.4%–იან წილს შეინარჩუნებს.
”საქართველოს ბანკმა” BG Bank-ის 98.77%–იანი წილი 81.7 მილიონ აშშ დოლარად 2007 წლის ოქტომბერში შეიძინა. მაშინ ბანკის სახელი იყო ”განვითარების და პარტნიორობის უნივერსალური ბანკი”.
”საქართველოს ბანკის” აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა განაცხადა, რომ უკრაინაში წამგებიანი ბანკის გაყიდვამ ”საქართველოს ბანკს” თავიდან აარიდა დამატებითი ინვესტიციების ჩადების აუცილებლობა, რაც ”საქართველოს ბანკს” საშუალებას მისცემს გაზარდოს ეფექტურობა.
მისივე თქმით, უკრაინული ბანკის გაყიდვით ”საქართველოს ბანკს” საშუალება ექნება აქცენტი მთლიანად საქართველოს შიდა ბაზარზე გააკეთოს, რაც ბანკის სტრატეგიას შეესაბამება, რადგან ის აღარ აპირებს საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოვებას.
”საქართველოს ბანკის” განცხადებით, BG Bank–ში 80%–იანი წილი მან „რამოდენიმე უკრაინელ პირს“ მიყიდა და ბანკმა უკვე მიიღო 5 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი თანხის გადახდა მიმდინარე წლის მანძილზე მოხდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)