საქართველოს მთავრობა და თურქული კომპანია სამი ჰესის მშენებლობაზე შეთანხმდნენ

საქართველოს მთავრობამ 19 თებერვალს მემორანდუმი გააფორმა თურქული კომპანიის Agaoglu Group–ის შვილობილ კომპანიასთან მდინარე ფარავანზე სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე.

მემორანდუმი ითვალისწინებს მდინარე ფარავანზე – არაკალი, აბული და ახალქალაქი  – ჰესების მშენებლობას ჯამური 45 მგვტ–იანი სიმძლავრით. მემორანდუმი კომპანია  Optimum Enerji Üretim A.Ş.–სთან ბათუმში თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის თანერ ილდიზის ვიზიტის დროს გაფორმდა, იტყობინება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო. 

ამავე ინფორმაციით, ასევე გაფორმდა შეთანხმება, "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და თურქულ კომპანია TEİAŞ-ს შორის 154 კვტ-იანი ელექტროგამცემი ხაზის “ბათუმი -მურაკლი” მშენებლობასთან დაკავშირებით.

ნოემბერში საქართველომ 150–მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელება თურქულ  Kolin Construction, Tourism Industry and Trading Co. Inc.–ს მიანდო 105.7 მგვტ–ის სიმძლავრის ოთხი ჰიდროელექტროსადგურის კასკადის ასაშენებლად მდინარე ტეხურაზე.

საქართველოს ხელისუფლების თქმით, საქართველოს ელექტროენერგიის გენერაციას მომდევნო 7–8 წლის მანძილზე 5 მილიარდი აშშ დოლარის მოზიდვის პოტენციალი გააჩნია. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 თებერვალს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2015 წლისთვის საქართველოს 17 ახალი ჰიდროელექტროსადგური ექნება.    

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)