სააკაშვილი შემოსავლების სამსახურში ცვლილებებზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა შემოსავლების სამსახურში განხორციელებული საკადრო ცვლილება მთავრობის "ახალ მიდგომას“ დაუკავშირა, რომელიც გადასახადის გადამხდელების მიმართ "მაქსიმალურად სამართლიან“ მიდგომას ითვალისწინებს.

7 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ცხაკაიას ნაცვლად, რომელიც ამავე დროს ფინანსთა მინისტრის მოადგილეც იყო, შემოსავლების სამსახურს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჯაბა ებანოიძე უხელმძღვანელებს. გიორგი ცხაკაია კი თბილისის მერის მოადგილედ ინიშნება.

"გადასახადების თვალსაზრისით კარგად გვაქვს საქმე. თუმცა, ახლა ცვლილება ხდება საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელობაში. კარგად მიდიოდა საქმე, მაგრამ ახლა სხვა სისტემით უნდა მივუდგეთ. ახალი ხელმძღვანელები მოდიან, რომელთაც დაევალათ, რომ ამავე დროს მაქსიმალურად იყვნენ სამართლიანები და ზედმეტი არსად მოუვიდეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ხალხს არ ქონდეს უსამართლობის განცდა ან ზედმეტი პრესის განცდა,“ – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 7 მარტს რუსთავში პენსიონერებთან  შეხვედრაზე. 

"გადასახადები მნიშვნელოვანია ყველამ გადაიხადოს… ზურგს უკან არ უნდა ხდებოდეს ბიუჯეტის რაღაცა, ეს არის მტკივნეული პროცესი, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ეს არის მტკივნეული პროცესი, ერთი გრამით არ უნდა გადავაჭარბოთ არსად კანონს სიმკაცრეში,“ – განაცხადა მან.

"არ უნდა ქონდეს სახელმწიფო აპარატს განცდა, რომ რადგან ჩვენ ვართ პატიოსნები, ქრთამს არ ვიღებთ და რადგან ძლიერები ვართ, ამიტომ მოდი ბარემ დავჩაგროთ ან ცოტა უდიერად მოვეპყრათ მოქალაქეს. ყველაზე მეტი საფრთხე ამ კორუფციის შემდეგ არის ეს  საფრთხე და ამასაც ჩვენ ამოვძირკვავთ,“ – დასძინა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)