საქართველომ გვინეა–ბისაუსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა

საქართველომ დასავლეთ აფრიკის ქვეყანასთან, გვინეა–ბისაუსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.

შესაბამის ოქმს 9 მარტს ნიუ–იორკში ხელი მოაწერეს გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლომაიამ და მისმა კოლეგამ გვინეი–ბისაუდან, იტყობინება საქართველოს მისია გაეროში.

ანალოგიურ ოქმებს წელს ასევე მოეწერა ხელი კონგოსთან, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, მავრიტიუსთან, სომალისთან, ჰონდურასთან და ტუვალუსთან. ამ უკანასკნელს საქართველოს მთავრობამ გასული წლის სექტემბერში ფინანსური დახმარების სახით 12 000 აშშ დოლარი გამოუყო.

2010 წელს საქართველომ 22 ქვეყანასთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. გაეროში საქართველოს მისიის თანახმად, სულ საქართველოს გაეროს 152 წევრ ქვეყანასთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობები. 

თითოეულ პრეს–რელიზში, რომელიც ამგვარი ოქმის ხელმოწერის შემდეგ ქვეყნდება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები ეფუძნება სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემის პრინციპს.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)