ბაიდენი: რუსეთს და აშშ–ს საქართველოზე უთანხმოება აქვთ
რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საქართველოზე "ნამდვილი უთანხმოება“ რჩება, განაცხადა აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 10 მარტს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლისას.
თავის გამოსვლაში მან იმ სარგებელზე ისაუბრა, რომელიც რუსეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სხვადასხვა სფეროებში მიიღეს მას შემდეგ, რაც 2 წლის წინ "გადატვირთვის ღილაკს“ დააჭირეს ხელი: თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ "ჯერ კიდევ ბევრი რჩება გასაკეთებელი უსაფრთხოების კუთხით ჩვენი თანამშრომლობის და სიახლოვის გასაღრმავებლად.“
"ჩვენ საქართველოზე ნამდვილი უთანხმოება გვაქვს არა მხოლოდ თქვენს [რუსეთის] ხელმძღვანლობასთან, არამედ რუსი ხალხის დიდ უმრავლესობასთან,“ – განაცხადა ბაიდენმა, "აქ, ჩვენი აზრით, სასწორზე უფრო დიდი პრინციპი დევს – და მინდა გულწრფელი ვიყო, რადგანაც თუ მეგობრები არ იქნებიან გულწრფელი მეგობრებთან, ეს ნამდვილად არ იქნება ურთიერთნდობაზე დაფუძნებული მეგობრობა“.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ უფრო დიდი პრინციპი დევს სასწორზე. როგორც უკვე ვთქვი. როდესაც მიუნჰენში [2009 წლის თებერვლის უსაფრთხოების კონფერენციაზე] გამოვაცხადე გადატვირთვის შესახებ, მე მაშინ აღვნიშნე, რომ ’ჩვენ კვლავაც იმ აზრზე ვიქნებით, რომ სუვერენულ სახელმწიფოებს აქვთ უფლება თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და თავად აირჩიონ ალიანსები’. მე იქვე აღვნიშნე, რომ ’ჩვენ არ ვაღიარებთ, რომ რომელიმე სახელმწიფოს ქონდეს გავლენის სფეროები’ და იმის მიუხედავად თუ რა სირთულეებია, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რომელიმე სახელმწიფომ გადაწყვიტოს ძალის გამოყენებით შეცვალოს არჩეული – დემოკრატიულად არჩეული პიროვნება,“ – განაცხადა ბაიდენმა.
მისი თქმით, აშშ–ი მუშაობს რუსეთთან და საქართველოსთან, რათა "შემცირდეს შემდგომი კონფლიქტის საფრთხე“.
"შედეგად, საქართველომ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ აიღო ვალდებულება ძალის არგამოყენების თაობაზე, ხოლო თბილისსა და მოსკოვს შორის კომერციული ფრენები აღდგა. მაგრამ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა დავეხმაროთ 2008 წლის კონფლიქტის შედეგად ადგილნაცვალ პირებს და ხელი შევუწყოთ ნორმალურ გადაადგილებას და ვაჭრობას,“ – დასძინა აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)