მმართველმა პარტიამ კობა სუბელიანის გადადგომის მოთხოვნა ჩააგდო
25 მარტს მმართველმა პარტიამ 79 ხმით 11 მომხრეს წინააღმდეგ ჩააგდო კობა სუბელიანის, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი.
ეს უკვე მეორე მინისტრია, სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის შემდეგ, რომლის გადადგომაც საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტში მიმდინარე სამთავრობო კვირეულის ფარგლებში მოითხოვა.
დეპუტატმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან, გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, რომ სუბელიანის მხარდაჭერით საპარლამენტო უმრავლესობამ მასთან ერთად აიღო პასუხისმგებლობა "იმ დანაშაულებებზე, რომელიც ამ ადამიანმა დევნილების წინააღმდეგ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩაიდინა “.
ოპოზიციამ 24 მარტს პლენარულ სხდომაზე სუბელიანის საანგარიშო მოხსენების შემდეგ მწვავედ გააკრიტიკა მინისტრი ბოლო თვეების განმავლობაში დევნილთა გამოსახლების "სასტიკი და დაუნდობელი“ პროცესის გამო, რომელიც, ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ხორციელდებოდა იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დარღვევებით, მათ შორის ფიზიკურ შეურაცხყოფით; მათი განცხადებით, სამინისტროს "დანაშაულებრივმა პოლიტიკამ“ მიიყვანა დევნილი ქალბატონი ნანა ფიფია თვითმკვლელობამდე, რომელმაც პროტესტის ნიშნად სამინისტროს ეზოში თავი დაიწვა, რადგან ვერ მიიღო დადებითი პასუხი დედაქალაქში საცხოვრებელი ფართის მიღების თხოვნაზე; ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ასევე გააკრიტიკეს მინისტრი დევნილთათვის რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართების უხარისხობის და ფულადი კომპენსაციების გაუცემლობის გამო.
კობა სუბელიანმა, რომელსაც მმართველი პარტიის დეპუტატებმა თავიანთ გამოსვლებში მხარი დაუჭირეს, ბრალდებათა უმეტესობა უარყო, როგორც "ცილისწამება და ტყუილი“. მან ასევე განაცხადა, რომ დევნილი ქალბატონის თვითმკვლელობა მისი "პირადი ტრაგედიაა“ და ამ თემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება მართებულად არ მიაჩნია.
მისი ინფორმაციით, მთლიანობაში 27 246 დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში (21 979 ოჯახი) ან კომპენსაციით (5 267 ოჯახი) დაკმაყოფილდა.
თუმცა სუბელიანმა ასევე განაცხადა, რომ დევნილებზე კომპენსაციების გაცემის თემა ამ ეტაპზე ამოწურულია და თუ ვინმეს თავშესაფარი არ გააჩნია, სამინისტრო მათ რეგიონებში საცხოვრებელი ფართების დაკანონებას შესთავაზებს. მისი თქმით, მომდევნო წელიწადნახევრის განმავლობაში რეგიონებში შერჩეული ახალი ობიექტების რეაბილიტაცია იგეგმება დევნილთა შემდგომი განსახლების მიზნით.
სუბელიანმა ასევე აღიარა, რომ გარკვეული "ხარვეზები“ იყო საცხოვრებელი ფართების რეაბილიტაციის პროცესში, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ "ხარისხს დონორები სამინისტროსთან ერთად ამოწმებენ“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)