სასჯელაღსრულების სამინისტროსთან პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა
სასჯელაღასრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან 25 მარტს პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეხლა–შემოხლა მოხდა მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა ცოტა ხნით ყაზბეგის გამზირი გადაკეტეს.
რამოდენიმე მომიტინგე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააპატიმრეს.
გუშინ გვიან ღამით თბილისის საქალაქო სასამართლომ ორ მათგანს 20–დღიანი, ხოლო ერთ მომიტინგეს – 10–დღიანი პატიმრობა შეუფარდა. დანარჩენი ოთხი დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც თითოეულ მათგანს 400–ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
სასჯელაღსრულების სამინისტროს წინ საპროტესტო აქციას რამოდენიმე ოპოზიციური ჯგუფი მართავდა, მათ შორის იყვნენ სახალხო კრების წარმომადგენლებიც. მომიტინგეები პატიმრების ცუდად მოპყრობის ფაქტებს აპროტესტებდნენ და ფართომასშტაბიან ამნისტიას ითხოვდნენ.
დაპატიმრებულთა შორის ასევე იყო მსახიობი გია ბურჯანაძე, რომელიც სახალხო კრების მმართველი საბჭოს წევრია. იგი ჯარიმის დაკისრების შემდეგ გაათავისუფლეს.
დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გია ბურჯანაძის დაპატიმრებას "პირდაპირი პროვოკაცია“ უწოდა.
"ჩვენ გვესმის, რომ თქვენ, ხელისუფლებაში ძალიან გეშინიათ სახალხო კრების, სწორად გეშინიათ… არ ვაპირებთ თქვენს პროვოკაციებზე სპონტანურად მოქმედებებს, ჩვენ არ ვაპირებთ თქვენს დაწერილ სცენარებში ჩართვას,“ – განუცხადა ბურჯანაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)