სოხუმმა მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა

სეპარატისტული აფხაზეთის სტატისტიკის სამსახურმა 28 მარტს, თებერვალში ჩატარებული მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც რეგიონის მოსახლეობა 242 826 ადამიანს შეადგენს.

აფხაზეთში 2003 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად, რეგიონში 214 000 ადამიანი ცხოვრობდა.

თუმცა, აფხაზეთში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ყოველთვის საკამათო იყო და სხვადასხვა წყაროები განსხვავებულ ციფრებს ასახელებდნენ – 180 000-დან 220 000–ის ფარგლებში.

აფხაზეთის 2005 წლის არჩევნებისთვის დარეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობაზე (129 127) დაყრდნობით  ბრიუსელში არსებულმა კვლევითმა ცენტრმა, კრიზისების აცილების საერთაშორისო ჯგუფმა (International Crisis Group) ივარაუდა, რომ აფხაზეთის მოსახლეობა 157 000–დან 190 000–მდე ადამიანს უნდა შეადგენდეს.

როგორც აფხაზეთის სტატისტიკის სამსახურმა განაცხადა, 2011 წლის აღწერის საბოლოო შედეგები, მათ შორის მონაცემები მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის შესახებ ამ წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი, იტყობინება აფხაზური საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესი”.

წინასწარ შედეგებში მოყვანილია მოსახლეობის დაყოფა ქალაქებისა და აფხაზეთის რაიონების მიხედვით. ამ მონაცემების თანახმად, ქალაქ სოხუმში 64 478 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო მთლიანად სოხუმის რაიონში  – 76 523.

ამავე მონაცემების თანახმად, გალის რაიონში 30 437 მაცხოვრებელია.

სხვა რაიონების მიხედვით მოსახლეობა შემდეგნაირად ნაწილდება: გაგრის რაიონი – 39 342; გუდაუთის რაიონი – 37 143; ოჩამჩირის რაიონი – 25 235; გულრიფშის რაიონი – 18 146 და ტყვარჩელის რაიონი – 16 000.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)