როიტერი: RAKIA ფოთის პორტში წილის გაყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

რას ელ ხაიმას საამიროს საინვესტიციო ფონდი (Ras Al Khaimah Investment Authority), RAKIA მოლაპარაკებებს აწარმოებს APM Terminals-თან ფოთის პორტის აქციების 80%–ის მიყიდვის თაობაზე, განუცხადა "როიტერს“ ანონუმურმა წყარომ საქართველოს მთავრობიდან.
APM Terminals, რომლის სათავო ოფისი ჰააგაშია განთავსებული, დანიური კონგლომერატის A.P. Moller-Maersk Group–ის შვილობილი კომპანიაა.
სამთავრობო წყარომ ასევე განუცხადა "როიტერს“, რომ საქართველოს მთავრობა, რომელსაც ფოთის პორტთან დაკავშირებულ ნებისმიერ გარიგებაზე ვეტოს უფლება აქვს, ჩართულია მოლაპარაკებებში, რომელიც შესაძლოა მომდევნო რამოდენიმე დღეში დასრულდეს.
RAKIA–მ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, ხოლო APM Terminals–მა გავრცელებული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა, იტყობინება "როიტერი“.
RAKIA–მ ფოთის პორტის საკონტროლო პაკეტი 2008 წლის აპრილში შეიძინა 90 მილიონ აშშ დოლარად და ფოთში, 300 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარება დაიწყო. მოგვიანებით, იმავე წელს RAKIA–მ 65 მილიონ აშშ დოლარად სახელმწიფოსგან ფოთის პორტის დარჩენილი 49% აქციებიც შეიძინა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)