კალანდაძე სოხუმში Global СST-ის ხელმძღვანელობის სტუმრობის შესახებ
ისრაელის მხარემ განუცხადა ოფიციალურ თბილისს, რომ "არავითარ სამხედრო თანამშრომლობას“ ისრაელსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის ადგილი არ ექნება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.
მან ორშაბათის ბრიფინგზე კომენტარი გააკეთა ისრაელში არსებული, უსაფრთხოების დარგში საკონსულტაციო კომპანიის Global СST-ის ხელმძღვანელობის სოხუმში სტუმრობის ფაქტზე, რაზეც მისი თქმით, საგარეო უწყებამ "მყისიერი“ რეაგირება მოახდინა და საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იცხაკ გერბერგთან, რომელიც სამინისტროში 15 აპრილს "დაიბარეს", ეს საკითხი "ძალიან დეტალურად“ განიხილა.
"როგორც პირად საუბარში, ასევე მის ოფიციალურ განცხადებაში, [ელჩი] ცალსახად ადასტურებს იმას, რომ არავითარ სამხედრო საქმიანობას და არავითარ სამხედრო თანამშრომლობას ისრაელსა და დე ფაქტო წარმომადგენლობას შორის ადგილი არ ექნება… მათ შორის სასწავლო წვრთნებიც კი არასდროს არ ჩატარდება დე ფაქტო წარმომადგენლებთან. ეს არის ისრაელის ოფიციალური პოზიცია და ჩვენ არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, “– განაცხადა კალანდაძემ 18 აპრილს ბრიფინგზე.
მისი თქმით, ნებისმიერ სამხედრო თანამშრომლობას ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ნებართვა ესაჭიროება, რაც "არ გაცემულა“. "ასეთი ნებართვა არასდროს არ გაიცემა. ამის დასტური გვაქვს ჩვენ ოფიციალური ისრაელიდან,“– აღნიშნა კალანდაძემ.
"უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ვალია, რომ ამ ტიპის პრობლემები აღმოვფხვრათ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის შედეგად,“– დასძინა მან.
გასულ კვირას იცხაკ გერბერგმა, ისრაელის ელჩმა საქართველოში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს აფხაზეთისთვის იარაღის მიწოდებას. მისი ეს განცხადება მოჰყვა Global CST–ის დამფუძნებლის და მფლობელის, ისრაელის გენერალურ შტაბში ოპერაციების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ისრაელ ზივის სოხუმში ვიზიტს, რომელთან ერთადაც ასევე იმყოფებოდა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და 2009 წლამდე ისრაელის პრემიერ–მინისტრის ბინიამინ ნეთანიუაჰუს სამხედრო მრჩეველი, მეირ კლიფი.
აფხაზური წყაროების თანახმად, მათ სოხუმის ხელმძღვანელობასთან უსაფრთხოების, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროებში სტრატეგიის შემუშავების, კონსულტირების, შეიარაღებული და საპოლიციო ძალების მომზადების გარდა, Global CST–ს სამოქალაქო სფეროშიც მოღვაწეობს და კლიენტებს სხვადასხვა დარგში, მათ შორის სოფლის მეურნეობასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში სტრატეგიის შემუშავებას სთავაზობს.
Global CST–ი ქართული ჯარის მომზადებაშიც მონაწილეობდა 2008 წლის მეორე ნახევრამდე.
თბილისში ბევრმა მიმომხილველმა ივარაუდა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსა და ისრაელს შორის ბოლო დროს გართულებული ურთიერთობებიდან გამომდინარეობდა, რაც ორი ებრაელი ბიზნესმენის ქრთამის მიცემის ბრალდებით დაკავებამ და გასამართლებამ გამოიწვია.
აპრილის დასაწყისში ისრაელის თავდაცვითი სისტემების მწარმოებელმა კომპანიამ Elbit Systems Ltd.-მა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ 2007 წელს გაფორმებული რამოდენიმე კონტრაქტის შესაბამისად მისაწოდებელი პროდუქციის საფასურის გადაუხდელობის გამო, დაახლოებით, 100 მილიონ აშშ დოლარის მოთხოვნით გაერთიანებული სამეფოს მართლმსაჯულების უზენაეს სასამართლოში სარჩელი შეიტანა. თბილისმა უარყო ამ კომპანიის მიმართ დავალიანების არსებობა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)