საქართველოს საგარეო ვაჭრობა პირველ კვარტალში 36%–ით გაიზარდა

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2006–2010 წლების პირველ კვარტლებში. მონაცემები წარმოდგენილია აშშ დოლარებში. წყარო: "საქსტატი" 

2011 წლის იანვარ–მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1.86 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 36%–ით მეტია. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა ამავე პერიოდში 934 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 36%–ით მეტია, იტყობინება "საქსტატი" 26 აპრილს.

ექსპორტმა იანვარ–მარტში 464 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 35%–ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტმა – 1.39 მილიარდი აშშ დოლარი (36%–ით მეტი).     

საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად კვლავ თურქეთი რჩება 286 მილიონი აშშ დოლარით; მას მოყვება უკრაინა – 204 მილიონი აშშ დოლარი; აზერბაიჯანი – 192.8 მილიონი აშშ დოლარი; ჩინეთი – 102.4 მილიონი აშშ დოლარი; გერმანია – 98.3 მილიონი აშშ დოლარი; აშშ – 90.2 მილიონი აშშ დოლარი; რუსეთი – 83.3 მილიონი აშშ დოლარი; სომხეთი – 61 მილიონი აშშ დოლარი; ბულგარეთი – 55.1 მილიონი აშშ დოლარი; არაბეთის გაერთიანებული საამიროები – 51.8 მილიონი აშშ დოლარი.

2011 წლის პირველ კვარტალში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21% შეადგინა – 95.1 მილიონი აშშ დოლარით; შემდეგ მოდის ფეროშენადნობის ექსპორტი – 54.3 მილიონი აშშ დოლარით; აზოტოვანი სასუქების ჯგუფი – 40.7 მილიონი აშშ დოლარით; შავი ლითონების ჯართი – 37.9 მილიონი აშშ დოლარით.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2011 წლის პირველ კვარტალში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო – 169.5 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდის ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყლების სასაქონლო ჯგუფი – 85.9 მლნ აშშ დოლარი; მსუბუქი ავტომობილები – 82.2 მლნ დოლარი; ხორბალი – 48.7 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 44.9 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – 32.3 მლნ აშშ დოლარი.       
  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)