თბილისის რეაქცია ბინ ლადენის ლიკვიდაციაზე
საქართველო მიესალმა ალ–ყაიდას ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციას და მას „ამერიკელი ხალხის და აშშ-ს ხელმძღვანელობის უდიდესი გამარჯვება“ უწოდა.
"ამ ოპერაციის წარმატებამ კიდევ ერთხელ ცხადყო აშშ-ს, როგორც სახელმწიფოს ძლიერება და მდგრადობა გლობალურ საკითხებში და, განსაკუთრებით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა წერილობით განცხადებაში, "[ბინ ლადენის ლიკვიდაცია] წარმოადგენს მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს მსოფლიოში ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით“.
"მიუხედავად ამ დიდი გამარჯვებისა, ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ გრძელდება. დარწმუნებული ვართ, რომ არ არსებობს სხვა ალტერნატივა, გარდა სამართალის ზეიმისა,“ – ნათქვამია განცხადებაში.
სააკაშვილის თქმით, საქართველო "მტკიცე მხარდაჭერას“ უცხადებს აშშ-ს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ორშაბათს დილით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ბინ ლადენის ლიკვიდაციას "დიდი წარმატება“ უწოდა.
"საქართველო დაარსების პირველივე დღიდან მონაწილეობს კოალიციაში, იმდენად, რამდენადაც მივიჩნევთ, რომ ტერორიზმი არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გლობალური გამოწვევა,“ – განუცხადა მან ჟურნალისტებს ჰქონდა რა მხედველობაში ის საერთაშორისო კოალიცია, რომლის ჩამოყალიბებაც აშშ–მ 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ დაიწყო.
"იმედს ვიტოვებთ, რომ ეს იქნება დასაწყისი იმ წარმატებისა, რომელსაც საბოლოო ჯამში მიაღწევს ანტიტერორისტული მოძრაობა,“ – განაცხადა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ "საქართველოში სრული პოლიტიკური სპექტრი გაერთიანებულია იმ აზრის გარშემო, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა უნდა წარიმართოს“.
ირაკლი ალასანიას პარტიამ, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ამერიკის შეერთებულ შტატებს „პაკისტანში წარმატებული ოპერაცია“ მიულოცა. პარტიის განცხადების თანახმად, მსოფლიო ბინ ლადენის გარეშე ბევრად უსაფრთხო გახდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)