გაზეთის ცნობით, სააკაშვილი ისრაელის ორი მოქალაქის შეწყალებას არ აპირებს

პრეზიდენტი სააკაშვილი არ აპირებს ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დაპატიმრებული ისრაელის მოქალაქე, ორი ბიზნესმენის შეწყალებას, იტყობინებოდა 12 მაისს გაზეთი "24 საათი“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის "სარწმუნო წყაროზე“ დაყრდნობით.

აპრილის ბოლოს ისრაელის ორი მოქალაქის, რონ ფუქსის და ზეევ ფრენკელის ოჯახებმა პრეზიდენტ სააკაშვილს მათი შეწყალების თხოვნით მიმართეს.

"საქართველოს პრეზიდენტი არ აპირებს, შეიწყალოს ქვეყნისთვის ზიანის მომტანი კორუფციული დანაშაულისთვის გასამართლებულები. იმავე წყაროს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებაში კატეგორიულია და არ აპირებს პოზიციის შეცვლას, რადგანაც საქმე ეხება მძიმე დანაშაულს,“ – წერს "24 საათი“.

1 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ისრაელის მოქალაქეები, რონ ფუქსი და ზეევ ფრენკელი დამნაშავებად ცნო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზებაში; ორივე მათგანი ბრალდებებს უარყოფს. ფუქსს შვიდწლიანი, ხოლო ფრენკელს 6 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)