ქართულმა პარტიამ ბათუმში საპროტესტო აქცია გამართა
ოპოზიციურმა ქართულმა პარტიამ შაბათს ბათუმში საპროტესტო აქცია გამართა იმ კამპანიის ფარგლებში, რომელსაც პარტია სხვადასხვა რეგიონებში მართავს და რომელიც თბილისში პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ანტი–სახელისუფლებო დემონსტრაციებით დასრულდება, რისი თარიღიც ჯერ არ კონკრეტდება.
ქართული პარტია დღეს თბილისში აშშ–ის საელჩოს წინ გეგმავს საპროტესტო აქციის გამართვას, რათა "აშშ–ის ადმინისტრაციის მიერ სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერა“ გააპროტესტოს.
"კატეგორიულად ვაფრთხილებ სააკაშვილს თავში არ გაივლოს მან და მისმა სამსახურებმა რამე ტიპის პროვოკაციის მოწყობა საელჩოს წინ – ეს იქნება დროშის დაწვა თუ მსგავსი სიგიჟეები,"– განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა, ქართული პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა დღევანდელ აქციამდე სამი საათით ადრე გამართულ ბრიფინგზე.
15 მაისს, სარფში ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართულ პარტიას "რუსეთიდან მართული რადიკალური ჯგუფი“ უწოდა.
"ტელევიზორში მოვკარი თვალი ერთ-ერთი რადიკალური, რუსეთიდან მართული ჯგუფი აქ რაღაცა ჩამოვიდა, რათა თავისი ჭკუით აერიათ რაღაცა და ექსკურსიაზე რომ დაყავთ ხოლმე აქეთ–იქით ხალხი, ასე ავტობუსებში ჩასვეს ხალხი და მოჰყავდათ ვითომ აქ რაღაცეების ჩასატარებლად და ასარევად. და ორ წუთში შემოეცალათ მათ ხალხი გარშემო იმიტომ, რომ ამ ხალხს ბათუმი არ ჰქონდა ნანახი და ყველამ პირები დააფჩინა და ასე გაოგნებულები დადიოდნენ გარშემო და აღფრთოვანებულები უყურებდნენ. ეს ყველას ეხება, მათ შორის, ასეთი სახის ტურისტსაც, რადგან ეს ქალაქი რეალურად ხდება საქართველოს, ყველა ქართველის, ყველა ჩვენი მოქალაქის სიამაყე,“ – განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც სარფში თურქეთთან ახალი საბაჟოს მშენებლობა დაათვალიერა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)