სააკაშვილი: ‘დიდი მადლობა დედა რუსეთს ემბარგოსთვის’

პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა რუსეთს ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვისთვის და განაცხადა, რომ ემბარგომ ხელი შეუწყო ქართველ მეღვინეს ღვინის ხარისხი გაეუმჯობესებინა და მისთვის საერთაშორისო ბაზრებზე გაეკვლია გზა.

"ბოლო წლების განმავლობაში ღვინის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა,“ – განაცხადა სააკაშვილმა ბათუმში დევიძეების ოჯახში სტუმრობისას, სადაც 20-წლიანი დაძველების ქართული ღვინო "ოჯალეში" დააჭაშნიკა.

"დიდი მადლობა დედა რუსეთს ემბარგოსთვის, რადგან ეს ემბარგო დიდად წაგვადგა ღვინის ხარისხის ამაღლების თვალსაზრისით. ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ თუ შეუშვებენ ჩვენ ღვინოებს [რუსეთში], კარგი იქნება, ხოლო თუ არ შვეუშვებენ – ესეც არაფერი – ბაზარი მთელ მსოფლიოშია,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს შესაძლოა აღარც ჰქონდეს საკმარისი ღვინო ექსპორტისთვის, თუ ქვეყანას ხუთი მილიონი ან უფრო მეტი ტურისტი ეყოლება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განუცხადა Civil.ge–ს თბილისში 14 მაისს გამართულ "ახალი ღვინის ფესტივალზე“, რომ რუსული ბაზრის რაიმე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ის ვერ ხედავს. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)