ევროპარლამენტის პრეზიდენტი საქართველოს მოუწოდებს ახალი იმპულსი შესძინოს რეფორმებს
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა იერჟი ბუზეკმა საქართველოს მოუწოდა ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ახალი იმპულსი შესძინოს რეფორმებს.
ბუზეკმა, რომელიც 19 მაისს თავისი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს სტუმრობს, ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ბუზეკმა განაცხადა, რომ საქართველოს „მისალოცად“ აქვს საქმე იმის გამო, რასაც მან ბოლო წლებში რეფორმების განხორციელების შედეგად მიაღწია.
"თუმცა, თქვენს ძალისხმევას რეფორმების კუთხით ახალი იმპულსი უნდა შესძინოთ. ჩვენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთთავსებადობა გვჭირდება. ჩვენ უფრო მეტი და ღრმა თანამშრომლობა გვჭირდება,“ – განაცხადა მან.
"იმისათვის, რომ ჩვენი პარტნიორობა გავაღრმავოთ, საჭიროა გაუმჯობესება განსაკუთრებით სასამართლო სისტემის, კანონის უზენაესობის, მედია პლურალიზმის კუთხით,“ – განაცხადა ბუზეკმა და დასძინა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობა ასევე მნიშვნელოვანია.
"არ გვინდა, რომ საქართველოს რამე მოვახვიოთ თავს; ეს თქვენი არჩევანი უნდა იყოს… მაგრამ უკეთესი და მეტი თანამშრომლობისთვის, ჩვენს სისტემასთან მეტი თავსებადობაა საჭირო,“ – განაცხადა მან.
მან კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა: "ღრმად ვწუხვარ იმის გამო, რომ სეპარატისტულ რეგიონებში კვლავ რჩებიან რუსეთის შეიარაღებული ძალები“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)