შემოსავლების სამსახური მედიაპალიტრას ერთ კომპანიაში აგრძელებს შემოწმებას

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 9 ივნისს განაცხადა, რომ ამ დროისთვის "მედიაპალიტრას“ კუთვნილი სამი საწარმოს "გეგმიური სასაქონლო–მატერიალური ინვენტარიზაცია“ უკვე დაასრულა და მხოლოდ დარჩენილ ერთ საწარმოში აგრძელებს ამ პროცესს.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ორდღიანმა შემოწმებამ სამ საწარმოს შეფერხებები არ შეუქმნა. მისივე განცხადებით, "გამომცემლობა პალიტრა L”-ში მიმდინარე "ინვენტარიზაციაც მცირე დროში დასრულდება და ეს პროცესი არ შეაფერხებს ორგანიზაციის სამუშაო რეჟიმს“.

"მედიაპალიტრამ“ 7 ივნისს თავისი საინფორმაციო საშუალებებით განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურმა "არაგეგმიური შემოწმება“ მის კუთვნილ ექვს შპს-ში ერთდროულად დაიწყო, მათ შორის ოთხი კომპანიის საწყობები დალუქა ინვენტარიზაციისთვის.

საქართველოში ერთ–ერთი მსხვილი მედია ჯგუფის განცხადებით, ამ "საეჭვო“ პროცესმა მას მცირე შეფერხებები შეუქმნა გაზეთების დისტრიბუციის კუთხით.

9 ივნისს, „მედიაპალიტრას“ კუთვნილი საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურმა 7 ივნისს ექვს კომპანიაში დატოვა შეტყობინება გასვლითი საგადასახადო შემოწმების თაობაზე. 

კანონის თანახმად, ამგვარი შემოწმების შესახებ 10 დღით ადრე უნდა ეცნობოს კომპანიას. შემოწმება უნდა დაიწყოს შეტყობინების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 დღისა და ეს პროცესი მაქსიმუმ სამ ან საჭიროების შემთხვევაში ხუთ თვეს შეიძლება გაგრძელდეს.

“მედიაპალიტრას“ მხარდაჭერა და სოლიდარობა ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ზეწოლის წინააღმდეგ ბევრმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და მედია–საშუალებამ გამოუცხადა, მათ შორის 8 ივნისს კომპანიის შენობასთან გამართული აქციის მეშვეობით. მათი განცხადებით, ზეწოლის თაობაზე ეჭვებს ის ფაქტი აძლიერებს, რომ შემოწმება სახელმწიფო სტრუქტურამ 26 მაისის მოვლენებიდან – რომელიც "მედიაპალიტრის" საინფორმაციო საშუალებებმა ინტენსიურად გააშუქეს – ცოტა ხანში დაიწყო.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)