რუსეთთან გამართულ სამიტზე ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას გამოხატავს


მარცხნიდან მარჯვნივ: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი, რუსეთის
პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო
ევროკავშირი–რუსეთის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, ნიჟინი ნოვგოროდში,
10 ივნისს. ფოტო: კრემლის ვებ–გვერდი. 

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ 10 ივნისს ნიჟნი ნოვგოროდში ევროკავშირი–რუსეთის სამიტის დასასრულს კიდევ ერთხელ გამოხატა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

"ნება მომეცით კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ევროკავშირის პოზიცია საქართველოს უსაფრთხოების, სტაბილურობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი უწყვეტი მხარდაჭერის შესახებ და 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების და მისი თანმხლები ღონისძიებების სრული განხორციელების შესახებ,“ – განაცხადა ჰერმან ვან რომპუიმ  თავის გახსნით სიტყვაში რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟოზე მანუელ ბაროზოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი–რუსეთის ურთიერთობები "წლების მანძილზე საუკეთესო დინამიკაში იმყოფება“. 

რომპუის თქმით, ეს ურთიერთობები ძლიერ ნდობას და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება.

ევროპარლამენტმა 9 ივნისს ევროკავშირი–რუსეთის სამიტის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოუწოდებს რუსეთს „პატივი სცეს იმ შეთანხმებებს, რომელსაც ხელი მოაწერა, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ყველა ვალდებულება და დაუყოვნებლივ გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა ამ ტერიტორიებზე“.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკომისიას "დაარწმუნოს რუსეთი შეწყვიტოს პასპორტების გაცემა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობისთვის“.

ნიჟნი ნოვგოროდში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ასევე განხილულ იქნა „მთავარი რეგიონალური კონფლიქტები“ , რომელთა შორის მან ჩამოთვალა ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში არსებული ვითარება, ირანის ბირთვული პროგრამა და კონფლიქტი დნესტრისპირეთში.

"საერთო ჯამში, [განხილულ იქნა] კონფლიქტური სიტუაციები ევროპაში,“ – დასძინა მედვედევმა, "უნდა აღინიშნოს, რომ საკითხების უმეტესობაში ჩვენი პოზიციები ან ძალიან ახლოსაა, ან ემთხვევა ერთმანეთს“.       

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)