აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი სააკაშვილს და გილაურს შეხვდა


საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური (მარცხნივ) და აზერბაიჯანის საგარეო 
საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი (მარჯვნივ) თბილისში 14 ივნისს გამართული 
შეხვედრის დროს. ფოტო: პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური.

საქართველოში ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი 14 ივნისს პრეზიდენტ სააკაშვილს და პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, რომლის დროსაც "განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის მიმდინარეობის საკითხს“, ნათქვამია საქართველოს მთავრობის აპარატის განცხადებაში. 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სააკაშვილმა და მამედიაროვმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის  ფართო სპექტრი, მათ შორის რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები განიხილეს.

31 მაისს საქართველოს პარლამენტმა იმ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომლის ფარგლებშიც აზერბაიჯანმა საქართველოს ბაქო–თბილისი–ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის დასასრულებლად გრძელვადიანი სესხის სახით, დამატებით, 575 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო.

სესხს სახელმწიფო კომპანია შპს "მარაბდა–კარწახის რკინიგზა" მიიღებს, რომელიც 2007 წელს ჩამოყალიბდა და რომელიც რეგიონალური სარკინიგზო პროექტის ქართულ მონაკვეთს კურირებს.

2007 წელს აზერბაიჯანი თბილისისთვის 200 მილიონი აშშ დოლარის სესხის გამოყოფას დათანხმდა რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობის და რეაბილიტაციის დასაფინანსებად. ახალი შეთანხმების შედეგად, სესხის მთლიანი მოცულობა 775 მილიონ აშშ დოლარამდე იზრდება.

თბილისში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა თავის ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)