საპროტესტო მსვლელობა რელიგიური უმცირესობების სტატუსზე კანონის წინააღმდეგ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძართან,
10 ივლისს გამართული საკვირაო ქადაგების შემდეგ. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
რამდენიმე ათასმა ადამიანმა მართლმადიდებელი მღვდლების წინამძღოლობით უკვე მეორედ მოაწყო მსვლელობა კვირას იმ საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგ, რომელიც რელიგიური უმცირესობების სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს.
შაბათის საპროტესტო მსვლელობის შემდეგ, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე დიდი აქცია იყო ბოლო წლების განმავლობაში, მართლმადიდებელმა მორწმუნეებმა სამების საკათედრო ტაძარში მოიყარეს თავი კათალიკოს–პატრიარქის, ილია მეორეს საკვირაო ქადაგების მოსასმენად.
"ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ეკლესიას ებრძვიან, ეკლესიას ამცირებენ“, – განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.
“ვინც დაამცირა და დაამცირებს ეკლესიას, ის ისჯება… ეკლესია დაგიცავს, დაგიფარავს და ეკლესია მოგცემს ძალას“, – მიმართა მან მრევლს.
“ისტორიულად ეკლესია მუდამ იცავდა საქართველოს, იცავდა ჩვენ სარწმუნოებას. ეკლესია იყო უდიდესი ძლიერი ძალა და დღესაც არის ეს ძალა. ეს ძალა არ არის მიმართული ვიღაცეების წინააღმდეგ. ეს ძალა არის სულიერი, ეს ძალა არის მაცხოვნებელი, ეს ძალა არის იმისათვის, რომ ადამიანი იყოს ბედნიერი. და ამიტომ უნდა გავუფრთხლდეთ, ეკლესია უნდა იყოს ჩვენ გულში და გონებაში“, – აღნიშნა ილია მეორემ.
“დღეს ჩვენ გვინდა ვილოცოთ ჩვენი ერისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის, ჩვენი ერისა და ხელისუფლების მშვიდობისათვის, ჩვენ გვინდა ვილოცოთ ჩვენი ერის მთლიანობისათვის, ერთსულოვნებისათვის“, – განაცხადა მან.
პატრიარქის ქადაგების დასრულებიდან რამდენიმე საათში რამდენიმე ათასი ადამიანი მღვდლების წინამძღოლობით პარლამენტისკენ გაემართა. მათ მსვლელობით შემოუარეს გარშემო პარლამენტის შენობას, რის შემდეგაც დაიშალნენ.
ორშაბათს დილით წმინდა სინოდი სხდომაზე შეიკრიბა. სავარაუდოდ, ეს შეხვედრა რელიგიური უმცირესობების სტატუსზე საკანონმდებლო ცვლილებების მიღების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს განიხილავს, რაც ერთ–ერთ ყველაზე დიდ დაპირისპირებად იქცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციას შორის.
საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ და მის წინამძღვარმა, ილია მეორემ ბოლო დღეების მანძილზე რამდენჯერმე განაცხადეს, რომ ისინი რელიგიური უმცირესობებისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ არ იყვნენ. თუმცა, ქართული ეკლესია საკითხზე დეტალური და ხანგრძლივი განხილვისკენ მოუწოდებდა და ასევე ითხოვდა, რომ ქართულ ეკლესიასაც მინიჭებოდა ანალოგიური სამართლებრივი სტატუსი მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ კი სომხეთში.
ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მოწოდებები, რომ არ ეჩქარა საკანონმდებლო ცვლილებების მიღება. პარლამენტმა კანონში ცვლილებები ხუთ დღეში სამი მოსმენით მიიღო, მაშინ როცა მეორე და მესამე მოსმენები ერთ დღეში, 5 ივლისს გაიმართა. კანონპროექტს იმავე დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოაწერა ხელი, ხოლო 6 ივლისს იგი ძალაში შევიდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)